რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც ცნობილია, სერგეი ლავროვმა მთავრობის წევრებისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების შეხვედრის დროს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.
"ჩვენ ვეხმაურებით საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ზურაბ აბაშიძის დანიშვნას. დავამყარებთ მასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას გაარკვევს", - აღნიშნა ლავროვმა.
სერგეი ლავროვმა რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსული მხარე ''პრინციპში მზად არის განიხილოს რეგულარული ავიამიმოსვლის საკითხიც''. ''ცოტამ თუ იცის, რომ რამდენიმე წელია უკვე აღდგენილია ჩარტერული ავიამიმოსვლა. ცოტა ხნის წინ ასეთი რეისები გაიზარდა კიდეც", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, ''მოსკოვი მზადაა აღდგეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რუსეთში შეტანა''. "არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ელექტროენერგია რუსული კომპანიის მონაწილეობით შედის", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.





