პრემიერ-მინისტრი

ივანიშვილი: ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. როგორც ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, NATO საქართველოს ახალი მთავრობის ყველა ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეკიდება.

,,ორივე მხრიდან გამოვხატეთ მწუხარება იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა. მხედველობაში მაქვს დაპატიმრებები. მე შევთავაზე გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა რასმუსენმა მკვეთრი ნდობა გამოგვიცხადა, ეს არ ჩათვალა საჭიროდ და აღნიშნა, რომ ყველა ჩვენს ნაბიჯს გაგებით და ნდობით მოეპყრობა. ასეთი იყო მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, მისი პირადი პოზიცია NATO-ს გენერალური მდივნის მოსაზრებას ემთხვევა.

,,ჩვენც ვწუხვართ, რომ ახალი ხელისუფლება იძულებული იყო, მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა. ჩვენ ვარწმუნებთ გენერალურ მდივანს, რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. თუ მას მიეცემა პოლიტიკური დევნის ნიშანი, ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ის, რომ ძველი ხელისუფლება ცდილობს, ამას მისცეს პოლიტიკური დაკვეთის ნიშანი, ეს მათი პრობლემაა და ეს იოლი დასამტკიცებელი არ იქნება, რადგან დანაშაული დამტკიცებული იქნება. ეს იქნება გამჭვირვალე პროცესი და ყველასთვის გასაგები იქნება. აბსოლუტურად იდენტურია გენერალური მდივნის და ჩემი პოზიცია, რომ არ უნდა მოხდეს პოლიტიკური დევნა და არ უნდა დაისვას მსგავსი კითხვები არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. მე მივეცი ამის პირობა, რომ არ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში, მაგრამ სამართალი იქნება. ვინც დააშავებს და ვისაც აქვს კანონდარღვევა, ის აუცილებლად დაისჯება", - აღნიშნა ივანიშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რასმუსენისგან დაპირება მიიღო, რომ NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება.

,,დიდი წუხილი გამოვთქვი სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში ისევ განიხილება და კომიტეტის ვიზიტი საქართველოში აუცილებლად შედგება. ამავდროულად, მე პირადად დავპატიჟე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ინტეგრაციას NATO-ში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის შეფასებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველომ პირველი ოქტომბრის არჩევნებით მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა.

,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჭეშმარიტად განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ის პრობლემები, რაც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, ჩემი აზრით, დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ ყოფილი ხელისუფლება, ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის ნაცვლად, ფასადური გამონათქვამებით კმაყოფილდებოდა და არ იყო საკმარისი გამჭვირვალობა საზოგადოებაში და მათ რიცხვში - ჯარის შენაერთებშიც. საქართველოს ახალი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ყველა ქმედება გასაგები იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და NATO-სთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, საქართველომ უახლოეს მომავალში მოახერხოს და გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები