ფოთის პორტის თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ და მანამ არ აპირებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას, ვიდრე ნავსადგურის მენეჯმენტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში ნავსადგურის დაახლოებით 70% პარალიზებულია, აცხადებენ საგაფიცვო კომიტეტის წევრები.
„არავის ინტერსში არ არის ქუჩაში დგომა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პორტის მენეჯმენტს კონსტრუქციული დიალოგისკენ და ჩვენის მხრიდან მზადყოფნას გამოვთქვამთ. ოთხი დღეა გაჩერებულია საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი და წარმოდგენილი გვაქვს რამხელა ფინანსური ზარალი ადგება ამით ყველას, მათ შორის ჩვენც“ –აღნიშნავს საგაფიცვო კომიტეტის წევრი გოჩა ჩემინავი სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.




