გაფიცვა

საქართველოს ბანკი: ინკასაციის მომსახურებას სპეციალიზებული სამსახური განახორციელებს

საქართველოს ბანკმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზებული სამსახური, კერძოდ, დაცვის პოლიცია - განახორციელებს და ეს ინკასაციის თანამშრომლებს წინასწარ აცნობეს. 
"საქართველოს ბანკი გადადის საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ და არაერთი ქართული ბანკის მიერ უკვე დანერგილ მეთოდზე, როდესაც ბანკის ინკასაციის მომსახურებას მთლიანად სპეციალიზირებული სამსახური - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დაცვის პოლიცია ახორციელებს, რომელმაც ეს სერვისი ერთი წლის წინ დააარსა. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ ახალი მომსახურების ეფექტურობა და დავწმუნდით, რომ ის მკვეთრად აუმჯობესებს ბანკის უსაფრთხოებას. ამ რეორგანიზაციის გადაწყვეტილების შესახებ ინკასატორებს ეცნობათ წინასწარ. ამასთან, ბანკი მათ სრულად უხდის ანაზღაურებას, წლიური ბონუსის ჩათვლით, გათავისუფლებისას ასევე გადაუხდის კანონით დადგენილ კომპენსაციასაც, დამატებით კი მათ მიიღეს შეთავაზება, გაევლოთ გასაუბრება დაცვის პოლიციაში, ამ ორგანიზაციაში შემდგომი დასაქმების მიზნით", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და აქციას მართავენ ბანკის სათავო ოფისთან. გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ  საინკასაციო სამსახურის თანამშრომლებმა მართლაც მიიღეს ცნობა ბანკის მიერ რეორგანიზაციის დაგეგმვის შესახებ. თუმცა, მისივე თქმით, პროტესტის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ინკასაციის თანამშრომელთა სამუშაოს მოცულობა გაიზრდება, ხოლო ანაზღაურება მნიშვნელოვნად შემცირდება.  

კომენტარები