გაფიცვა

ფოთის პორტში თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

დილიდან ფოთის პორტის თანამშრომლებმა გაფიცვა განაახლეს. ისინი პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პორტის ადმინისტრაციისა და გაფიცულების, ასევე, პროფკავშირების წარმომადგენლების მოლაპარაკებებს.
პორტის თანამშრომლები არ აპირებენ გაფიცვის შეწყვეტას მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები – ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, ხელფასების გადახედვა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
გუშინ, 2 ნოემბერს, პორტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ. ქროული აცხადებს, რომ  ფოთის პორტის მუშების ხელფასები 2013 წლის აპრილის ნაცვლად, მომავალი წლის იანვარში გადაიხედება. ფადი ასლიმ კი საერთაშორისო სავაჭრო პალატის სახელით ხელისუფლებას მოუწოდა „დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ინიცირებენ ფოთის პორტში განვითარებულ მოვლენებს“. 

კომენტარები