თბილისის საქალაქო სასამართლო

დავიდ მაიერი პატიმრობაში რჩება

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაკავებული დავიდ მაიერი (იგივე ახმედ ჩატაევი)  პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა აღმკვეთი ღინისძიების 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, დაცვის მხარეს არგუმენტად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოჰყავდა, თუმცა ამავე სამედიცინო ცნობაზე დაყრდნობით, სასამართლომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია. სასამართლოსვე ცნობით, ბრალდებული სტაციონარშია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია, რომ მაიერი, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შესაძლოა, მიიმალოს და ხელი შეუშალოს მართლმსაჯულებას.

დავით მაიერი სამართალდამცავებმა 2012 წლის 7 სექტემბერს დააკავეს ლაფანყურიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით. მისი ჩხრეკის დროს საბრძოლო მასალა ამოიღეს - კერძოდ, ორი ხელის მსხვრევადი ყუმბარა ორ ცალ ამფეთქ ფალიასთან ერთად.

„ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ, თუმცა წინასასამართლო განხილვაზე მის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, პიროტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები დაშვებულ იქნა საქმის არსებითი განხილვისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის არსებითი განხილვის სხდომა 15 ნოემბერს დაინიშნა.

 

 

კომენტარები