ინციდენტი

კაფე „გალერისთან“ მომხდარ ინციდენტში გაჩეჩილაძის ვაჟი ფიგურირებს

ოქტომბერს, ღამით, კაფე „გალერის“ შესასვლელთან მომხდარ ჩხუბში მოქალაქე ირაკლი ცინდელიანი დაჭრეს. ტაბულამ ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა მოიპოვა. ვიდეოში ჩანს ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, გაგა გაჩეჩილაძე - ის შარვლიდან იღებს გარკვეულ საგანს, სავარაუდოდ, დანას და მას ჩხუბში იყენებს.

ტაბულა დაუკავშირდა ამტელ ჰოსპიტალ პირველ კლინიკურს, სადაც ინციდენტის შემდეგ გადაიყვანეს დაჭრილი ირაკლი ცინდელიანი. მთავარმა ექიმმა, ლაშა მაჭარაშვილმა, საავადმყოფოში პაციენტის ყოფნა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, ცინდელიანი საჯდომ ნერვშია დანით დაჭრილი და მას ოპერაცია გაუკეთდა. საავადმყოფოში გვეუბნებიან, რომ ამჟამად ნერვი შეერთებულია, თუმცა ტრავმა საკმაოდ მძიმეა. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის გაცემაზე საავადმყოფო უარს ამბობს.

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, სალომე მახარაძეს, რათა გაერკვია, აღძრულია თუ არა საქმე და არიან თუ არა დაკავებულები. გთავაზობთ მასთან მოკლე ინტერვიუს:

- 26 ოქტომბერს კაფე „გალერისთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები, პირველ რიგში, მაინტერესებს, საქმე თუ აღიძრა?

- არ ვიცი ზუსტად, უნდა დავაზუსტო და ცოტა ხანში...

- გაზეთ პრაიმ-ტაიმისთვის გაქვთ მიცემული კომენტარი, სადაც ამ თემაზე საუბრობთ.

- ხო, ამის შემდგომი განვითარება არ ვიცი, თორემ ეგ რომ მაქვს მიცემული და მაქედან რომ გაიგებდით და წაიკითხავდით...

- არის თუ არა ვინმე დაკავებული?

- არ ვიცი, უნდა მოვიკითხო. მაშინდელი ინფორმაციის გარდა, რომ დაკითხვები იყო, არ მაქვს ინფორმაცია.

- ვინ დაკითხეს, ეგ თუ იცით?

- არ ვიცი დეტალები, ვიცოდი, რომ იყო დაკითხვები.

- ინტერვიუში თქვით, რომ საქმე 118-ე მუხლით არის აღძრული, ეს ნამდვილად იცით, ხომ?

- კი, ბატონო.

- სხვას ვერაფერს მეტყვით?

- ვერა.

- რამდენ ხანში დაგირეკოთ?

- 1-2 საათში დამირეკეთ და მეცოდინება.

ტაბულა დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

 

კომენტარები