პრემიერმინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ვერ აკონკრეტებს, რა პერიოდიდან შეიძლება გახდეს საქართველოში პენსია 220 ლარი და აცხადებს, რომ ეს ინვესტიციების შემოსვლასა და ზრდაზეა დამოკიდებული. ქართული ოცნების ლიდერმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პენსია აღნიშნულ მაჩვენებელს უახლოეს რამდენიმე წელიწადში მიაღწევს.
„მრავალჯერ გაგვიკეთებია განცხადება, რომ პენსია უნდა იყოს საარსებო მინიმუმზე არანაკლები, თუმცა ჩვენ არასდროს ვაფიქსირებდით კონკრეტულ თარიღს. ზუსტად ვერც ახლა დაგიკონკრეტებთ, ეს მომავალ ერთ წელიწადში იქნება, თუ უფრო გვიან. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხერხდება ინვესტიციების ზრდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერობის კანდიდატის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ 3-4 წელიწადში უმუშევრობის მხრივ პრინციპული გარდატეხა მოხდება და მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებული იქნება. მისი თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციებზეა დამოკიდებული.





