საქართველოს მთავრობა

დავით უსუფაშვილი: ქართული ოცნება ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დაჩქარებას შეეცდება

საქართველოს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ქართული ოცნება შეეცდება, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა დააჩქაროს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დამატებით უფლებებს მიანიჭებს, ხოლო პრეზიდენტს სხვადასხვა უფლებამოსილებას შეუზღუდავს. ამის შესახებ უსუფაშვილმა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„პოლიტიკური რეალობა ისე შეიცვალა, რომ, შესაძლოა, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა ახლა ჯობდეს და არ გადავდოთ ეს პროცესი მომავალ შემოდგომამდე. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პრეზიდენტად დარჩება, თუმცა მას არ ექნება აღმასრულებელი ხელისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა რაიმე კრიზისები წარმოიქმნას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ იგი მთავრობის მიერ მისი ფუნქციების შესრულების პროცესში არ ჩაერევა, „თუმცა ახალი ხელისუფლება გეგმებს კეთილი ნების საფუძველზე ვერ ააწყობს, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს“. უსუფაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის საკითხთან დაკავშირებით ქართული ოცნება ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას აპირებს. მისი თქმით, იგი ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის მომხრეა, რომლის შესაქმნელად საქართველოს კონსტიტუციის დახვეწა არის საჭირო.

 

კომენტარები