არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშილს განცხადებით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ მინისტრებისა და საჯარო მოხელეების წარდგენისას.

ტაბულა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით რახველიძის კანდიდატურა.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის დასახელებულ კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობებზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას, ხოლო საჯარო მოხელეები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საჯარო გამონათქვამებს და თავი შეიკავონ სიძულვილის ენისა და რასისტული გამონათქვამების გამოყენებისაგან.’’

განცხადებას ხელს აწერენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება და სხვა ორგანიზაციები. 

კომენტარები