საქართველოს მთავრობა

პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა იმართება

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ამ წუთებში ქვეყნის პირველი პირის მიხეილ სააკაშვილის და ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით იმართება და მას კოალიციასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებიც ესწრებიან.

როგორც ცნობილია, ქართული ოცნების მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან - ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედ ხელისუფლებას გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქრაძე წარმოადგენენ.

მთავრობის სამუშაო ჯგუფის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის მთავარი თემა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება იქნება.

შეხვედრა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის კომენტარს გააკეთებენ.

 

კომენტარები