არჩევნები2012

ფანჯიკიძე : არჩევნების აღიარებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ რიგით მესამე ბრიფინგი გამართა, სადაც გამოვლენილ დარღვევებზე და გადაცდომებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება საქართველოს ბევრ დასახლებულ პუნქტში ცდილობს სიტუაციის გართულებას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას.

„ ჟურნალისტებმა და სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გამოავლინეს კონკრეტული გეგმები, რითიც ხელისუფლება ცდილობს არჩევნების გაყალბებას. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია ე.წ. სომხური კარუსელი. საარჩევნო უბანთან მისულ მოქალაქეებს აძლევენ უკვე შემოხაზულ ბიულეტენს. კოალიცია ამის შესახებ აცნობებს ყველა საერთაშორიოს ორგანიზაციას“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

კოალიციის პრეს-სპიკერმა პირველი ბრიფინგი დილის 11 საათისთვის ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ, წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა. ტაბულას კითხვაზე, როგორ შეაფასებდა კოალიცია 4 საათისთვის საარჩევნო პროცესს, ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ დარღვევათა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ კოალიცია კვლავ ახერხებს სიტუაციის კონტროლს, შესაბამისად, პროცესიც ყოველგვარი განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.

ფანჯიკიძის თქმით, არსებული დარღვევების მიხედვით, არჩევნების გაყალბებაზე საუბარი ნაადრევია: „ზოგადად, არჩევნები შედგება სამი ეტაპისგან. წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი მესამე ეტაპი - რა მოხდება უბნებზე 8 საათის მერე, როცა საარჩევნო პროცესი შეწყდება. ამიტომ არჩევნების აღიარებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია„ - განაცხადა ფანჯიკიძემ

კომენტარები