არჩევნები2012

თაქთაქიშვილი: საარჩევნო ნომრის ეკრანზე გამოჩენა კანონდარღვევა არ არის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერი, ჩიორა თაქთაქიშვილი, საარჩევნო ნომრის ეთერში გამოჩენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით სიუჟეტის დროს, პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომრის ეთერში გამოჩენას საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს.

„საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ზუსტად განსაზღვრავს რეგულაციებს საარჩევნო დღეს როგორი წესები მოქმედებს, მათ შორის აკრძალული არის აგიტაცია, მხოლოდ ეს აკრძალვა მოქმედებს საარჩევნო უბნის შიგნით. შესაბამისად, არ არსებობს აკრძალვა უბნის გარეთ აგიტაციის საწარმოებლად. ანუ ადამიანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაისურში შეიძლება იხილოს საზოგადოებამ ან ნებისმიერი სხვა პარტიების მაისურში ქუჩაში ეს არ არის კანონის დარღვევა და ეს არ არის აკრძალული საქმიანობა.“ – განაცხადა თაქთაქიშვილმა.

„რაც შეეხება ტელევიზიით გაშუქებას, ერთადერთი რასაც კანონი კრძალავს არჩევნების დღეს, ეს გახლავთ ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიის ეთერში. კანონი კონკრეტულად განსაზღვრავს რა არის ფასიანი რეკლამა და რა არის უფასო რეკლამა. შესაბამისად პარტიების ბრიფინგების დროს, პარტიის რიგითი საარჩევნო ნომრის გამოჩენა სიუჟეტში ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს ამ ნომრის დარღვევას.“ – უთხრა ტაბულას ნაციონალური მოძრაობის პრესსპიკერმა.

კომენტარები