არჩევნები2012

ივანიშვილი: სად ხედავთ პუტინის კრიტიკის აუცილებლობას, ჩვენ სააკაშვილს მივხედოთ

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ნორმალურია, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს არ აკრიტიკებს, რადგან როდესაც საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს, სხვის პრეზიდენტზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, პირველი ოქტომბრის შემდეგ, აუცილებლად მოუწევს პუტინთან შეხვედრა და ურთიერთობას კრიტიკით ვერ დაიწყებს.

”სად ხედავთ პუტინის კრიტიკის აუცილებლობას, ჩვენსას მივხედოთ ჩვენ. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან და სხვებთანაც და თუ ჩვენ მათი ხელმძღვანელების კრიტიკით დავიწყეთ, როგორ წარმოგიდგენიათ [ამის მიღწევა]” -განაცხადა ივანიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, სადაც ივანიშვილმა ქართული ოცნების პროგრამა წარადგინა და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის ყველაზე მოსახერხებელი ამჟამინდელი ხელისუფლებაა, იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. მისივე თქმით, 2008 წელს სააკაშვილი რუსის ჯარს შემოუძღვა: „მისმა გაუაზრებელმა ქმედებებმა მისცა რუსეთს საშუალება, როგორც იქნა, კავკასიონს აქეთ გადმოსულიყო“.

მან სააკაშვილისა და რუსეთის „თამაშზეც“ ისაუბრა:

„გეფიცებით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს რუსეთიდან და არც ვეძებ და არც ვცდილობ. მაგრამ იმდენად სააკაშვილს ვერ იტანს მემგონი პუტინი, რომ მაინც ამათ აღარ ეთამაშება. თუმცაღა მცდელობები, აი ლაფანყურში რაც იყო, მაგალითად, კიდევ ექნებათ სხვათაშორის რაც ძალიან მძაბავს - ძალიან მენიშნებოდა, რომ რაღაცას აზადებდნენ რუსეთთან ერთად. მაგრამ, მადლობა ღმერთს, ძალიან ცოტა დარჩა და ეს სამი დღეც, თუ საფრთხე იქნება რეალური, თუ რუსები ამათ კიდევ გაეთამაშნენ, შეიძლება კატასტროფა მივიღოთ“.

ივანიშვილის თქმით, რუსეთისთვის მისი ხელისუფლება იქნება „საკმაოდ მოუხერხებელი“: „თუმცა პირველი დღიდან, ჩემი განცხადებებით, ყველაფერს ვაკეთებ, რომ ზედმეტად არ დავძაბო ეს სიტუაცია და როგორმე მოვახერხო, რომ ჩვენი სანდოობა გაჩნდეს და ჩვენთან მუშაობა მოუნდეთ“ - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

 

კომენტარები