არჩევნები2012

ივანიშვილი: "ჩვენთან გუნდში მშვიდობაა"

27 სექტემბერს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე, სადაც ივანიშვილის პოლიტიკური მოკავშირეების საუბრებია ჩაწერილი, თავისი მოსაზრება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს ეთერშიც გამოთქვა.

ქართული ოცნების ლიდერმა უარყო ვერსია, რომ დაცვის წევრს თავად ავალებდა პოლიტიკური მოკავშირეების საუბრების ჩაწერას, მისი თქმით, კარგადაა ცნობილი, რომ მოსმენებსა და ჩაწერებს ხელისუფლება ახორციელებს. მისივე თქმით, ყველაზე მეტად ის აინტერესებს, თუ „რა უქნეს“ მისი დაცვის წევრს, რადგან ის „ძალიან კარგი ბიჭია“.

ივანიშვილმა ჩანაწერებს ერთის მხრივ, ფაბრიკაცია უწოდა, მეორეს მხრივ, თქვა, რომ მათში არაფერი განსაკუთრებული არ არის.

„რა ნახეთ იქ საოცრება, რომ ქვეყნისთვის იყოს საინტერესო, ესეც რომ იყოს - ჯერ ერთი, ეს ესე არაა. რა არის იქ ისეთი, რომ... ვიღაც ნასვამი კაცი იგინება ვთქვათ, შეიძლება იყენებს ესეთ სიტყვებს, ქართველებმა იციან ეს, როცა სახლში და მარტო არიან, ხშირად ემოციები ჭარბობს, თანაც ნასვამი თუა. ძალიან ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის დანაშაულებრივი კადრები და აქცენტი გადავიდეს სხვა რამეზე“.

„ჩვენთან გუნდში მშვიდობაა, ისეთივე მეგობრული სიტუაციაა, როგორც ფაბრიკაციულ კომრომატებამდე, მეც ვნახე ნაწყვეტი ვიდეოსი - იქ არაფერი არაა პრინციპში, რა გაოცებთ, რა ნახეთ თქვენ ისეთი“ .

ივანიშვილის თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი ციხეში გადაღებული კადრების გადაფარვაა.

ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ივანიშვილმა აღნიშნა, რომ იგი და თინა ხიდაშელი ძალიან მეგობრობენ: „ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი საყვარელი ბიჭია, მაგარი გინება ცოდნია, სხვათა შორის. მე არ მისაუბრია არავისთან, მაგრამ რაც არის იქ, აბსოლუტურად დაუჯერებელია და არაფერი იქ ისეთი არ არის“.

რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ უნახავს. 

კომენტარები