არჩევნები 2012

ეუთო: საარჩევნო გარემო კიდევ უფრო პოლარიზებულია

საარჩევნო გარემო ”კიდევ უფრო პოლარიზებულია“ , ნაციონალურ მოძრაობისა  და ქართული ოცნების ტონი „კონფრონტაციული და ხისტია“, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში.

 „მაშინ როცა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მუდმივად გამოთქვამენ ეჭვებს ბატონი ივანიშვილის აქტივების წარმომავლობასთან და მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით, ქართული ოცნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ფაქტების დამახინჯების ბრალდებით პასუხობს“.

„ნაციონალური მოძრაობის,  ადგილობრივი თვითმართველობის და ზოგჯერ პოლიციის წარმომადგენლები ამომრჩევლებს მიუთითებენ რომ არ მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და დაესწრონ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრებს. ოპოზიციის მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა იქნა დაკავებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეუთოს დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს შემთხვევები, როდესაც საჯარო პირებს და მასწავლებლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პროაქტიულ რეაგირებას აგრძელებს.

დამკრირვებლები აფიქსირებენ ცესკოს მიმართ არსებულ კრიტიკას უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლების რეგისტრაცის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადის 3 დღით გახანგრძლივებამ ვერ შეამცირა არსებული კრიტიკა. ამასთანავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ უცხოთში რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ინფრომაცია დროულად არ იქნა გავრცელებული. 

ანგარიშში საუბარია საარჩევნო კამპანიის მედიით გაშუქებაზეც. დამკრირვებლების თქმით, ყველაზე დაბალანსებულად პარტიები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქა. რუსთავი 2 და იმედი მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებულად არის დახასიათებული. ანგარიშის თანახმად, მეცხრე არხმა და მაესტრომ საინფორმაციო გამოშვებების ყველაზე დიდი ნაწილი  (შესაბამისად 48  და 36  პროცენტი) ქართულ ოცნებას მიუძღვნა, გაშუქების ტონი კი ძირითადად პოზიტიური იყო.

ანგარიში 6 სექტემბრიდან 19 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

კომენტარები