არჩევნები 2012

ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულირების შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო ხვალ მიიღებს

ცესკო-მ ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ კენჭისყრა ხვალ 18:00 საათისთვის გადადო. განხილვის ნაწილი დღეს ჩატარდა. ცესკოს თავმჯდომარე ზურა ხარატიშვილის  თქმით, კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო პროცესისთვის ხელისშემშლელად.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულირება კანონს არღვევს.  საიამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ საარჩევნო უბანზე ფარული ვიდეო გადაღების გზით არაერთი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი და ამის აკრძალვა დაუშვებელია.
დადგენილების პროექტში, რომელიც ცესკომ წარმოადგინა, აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუს შენობაშივე ჩაწერა. საუბნო კომისიის წევრებს კი მხოლოდ თავჯდომარის ნებართვის შემდეგ აქვთ, კომენტარის გაკეთების უფლება.  ასევე დაუშვებელია ფარული ფოტო/ვიდეო გადაღება, კაბინის, შენობის შესასვლელ-გამოსასვლელების გადაღება.  
გთავაზობთ დადგენილებას, რომელსაც დღეს ცესკო განიხილავდა.

"მუხლი I: კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნიდან - დილის 7 საათიდან, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუების ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კომისიის თავმჯდომარის თანხმობისა და კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობის შესრულების შეფერხების გარეშე.
2. დაუშვებელი კენჭისყრის შენობაში ფარული ფოტოვიდეოგადაღება, ასევე, კენჭისყრის კაბინისა და კენჭისყრის შენობის შესასვლელ-გამოსასვლელებში ფოტოვიდეო გადაღება.

მუხლი II: კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათიდან პირველი ამომრჩევლის საარჩევნო უბანში მოსვლამდე საარჩევნო უბანში ბოლო ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის შემდგომი პერიოდიდან შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეო გადაღება კენჭისყრის პროცესში ხელის შეშლის გარეშე, რაც გულისხმობს:
1. ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის შენობაში უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან;
2. მინიმალური მანძილი ნებისმიერი პირისთვის ფოტოვიდეო გადასაღებად უნდა იყოს არანაკლებ სამი მეტრის დაშორებული გადაღების სუბიექტიდან ობიექტამდე;
3. კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციისა და მასალის გადაღება, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილის სამაგიდო ვერსია.

მუხლი III: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩევლის მისვლის პერიოდიდან ბოლო ამომრჩევლის ხმის მიცემის პერიოდში ფოტოვიდეოგადაღება განიხილება საარჩევნო პროცესის ხელის შეშლად, მათ შორის ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე კონტროლად, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი  შემთხვევებისა:
1. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბანში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკოსების."
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტში ნათქვამია: "კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტო–ვიდეოგადაღება". ხარატიშვილის განმარტებით, დადგენილების მიზანია განსაზღვროს, თუ რას ნიშნავს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლა. 

კომენტარები