არჩევნები 2012

სააკაშვილი: რუსული მეთოდებით უნდათ, ხალხს არჩევნებზე იმპულსური გადაწყვეტილება მიაღებინონ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 სექტემბერს თბილისში იუსტიციის სახლის ახალი შენობის გახსნის ცერემონიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა ცემის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „საქართველოს ოკუპანტს რუსული კომპრომატების ომით სურს არჩევნების გამოყენებით დააბრუნოს ქვეყანა რუსეთის იმპერიულ სივრცეში.“

„მე ყველაზე ნაკლებ წინა დღეებში მაღელვებდა და მაინტერესებდა პოლიტიკა, მაგრამ არც სირაქლემა არ ვარ, რომ თავის დავმალო ქვიშაში და ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება საქართველოსთვის იმ პირობებში, როცა შემოსულია რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები და რუსეთის არმია არის ჩვენ საზღვრებთან აურაცხელი რაოდენობით და ატარებს ძალიან საშიშ მანევრებს. იმ პირობებში, როცა დაფიცებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტს, რომ 2008 წელს ვერ დამთავრებული საქმე მიიყვანოს უახლოეს კვირებში და თვეებში ბოლომდე და ამისთვის უნდა არჩევნების გამოყენება“. – განაცხადა პრეზიდენტმა იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების ამსახველ ვიდეომასალას საგანგებოდ ინახავდნენ საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა ხალხს „შოკის ქვეშ გააკეთებინონ იმპულსური გადაწყვეტილება“.

„როცა ახალგაზრდა ადამიანი აღშფოთებულია იმითი, რაც ტელევიზიით იხილა, მე ამ ადამიანების ბოლომდე მესმის და კიდევ კარგი, რომ ასეთი ახალგაზრდობა გვყავს. მაგრამ ვინც ეს შეუკვეთა, ვინც ამაში ფული გადაიხადა ან ვინც ამაზე თვალი დახუჭა, არ შეიძლება რომ იმან თავისი დივიდენდები დაიწეროს. მე კიდე მინდა ვკითხო ჩვენს ხალხს, რომელიც ახლა გვისმენს: ვის უფრო ენდობით თქვენ? ვინ უკეთესად დაიცავს თქვენ უფლებებს? ტუღუში, ზღულაძე თუ თამაზაშვილი? ვინ უფრო უკეთესად წაიყვანს საქართველოს წინ? ის, ვინც იძახის, რომ ჩვენ უნდა დავუწვეთ ჩვენს დამპყრობელს; ვისაც აღიზიანებს შუშის შენობები; ვისაც უნდა ქუთაისში პარლამენტის მოშლა თუ ის ხალხი, ვინც ყველაფერი ეს შექმნა იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ახალი სახელმწიფო აპარატი, ყველა რეგიონი განვითარებულიყო და საქართველომ გააგრძელოს წინსვლა წინ?“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, თუ რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს ქართული საზოგადოება. მისივე თქმით, „ახალი იუსტიციის სახლი ახალ საქართველოს განასახიერებს, რომელსაც ვერანაირი პროვოკაციები, სიბინძურე, მანიპულაციები და მილიარდობით შემოდენილი ფული და საზღვრებთან მომდგარი პოტენციურ დამპყრობელთა და მოქმედ დამპყრობელთა არმია ვეღარ დაანგრევს და ვეღარ შეცვლის.“

 

კომენტარები