არჩევნები 2012

უწყებათაშორისი კომისია ძალოვან უწყებებს და ცესკოს რეკომენდაციით მიმართავს

უწყებათაშორისი კომისია თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეკომენდაციით მიმართავს. კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, კოალიცია ქართულმა ოცნებამ კომისიას 16 სექტემბერს მიმართა და მესტიის მუნიციპალიტეტში სამხედრო მოსამსახურეებისთვის დამატებითი სპეციალური საარჩევნო უბნის შექმნის საკითხის შესწავლა მოითხოვა.

კომისია აღნიშნავს, რომ კოალიციის აზრით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე აღნიშნულ უბანზე ამომრჩეველთათვის მაჟორიტარულ არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა უთანასწორო პირობებში ამყოფებს საარჩევნო სუბიექტებს და ბალანსს ხელისუფლების სასარგებლოდ არღვევს.

”საარჩევნო კოდექსის 32 მუხლის 1 დ) ა) პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მომსახურეების სია სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს საარჩევნო წლის 1 ივლისისა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით კი კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა უნდა გადასცეს. იმისდა მიუხედავად, რომ კანონმდებლობა არჩევნების დღემდე 6 დღით ადრე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ მიწოდებული სიების საფუძველზე, წვევამდელებისთვის დამატებითი სპეციალური უბნების გახსნას ითვალისწინებს.” - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას აძლევს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს: შესაძლებლობა მისცენ იმ წვევამდელებს, რომლებიც 1 ივლისის შემდეგ არიან გაწვეული სამხედრო სამსახურში, ჯერ არ გაუვლიათ შიდა პროცედურული მომზადება და არ ასრულებენ არსებით ფუნქციას, არჩევნებში მონაწილეობა თავიანთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიიღონ. კომისია ასევე რეკომენდაციას აძლევს ცესკოს: არ გაითვალისწინოს 1 ივლისის შემდეგ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები დამატებით სპეციალურ საარჩევნო უბნებში.

 

კომენტარები