არჩევნები 2012

მერაბიშვილი: ამ ეტაპზე ქვეყნის მთავარი ამოცანაა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქვეყნისთვის ამ ეტაპზე მთავარი ამოცანაა საქართველოში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. ამის შესახებ პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკა ზღულაძესთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

”თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, იქ სადაც არის ძალადობა. იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნები ძალადობის გარეშე ჩატარდეს, ეს უნდა უზრუნველყოს შსს-მ. ქართულმა პოლიციამ არაეთხელ დაამტკიცა რომ, მას ძალუძს თავიდან აიცილოს ნებისმიერი ძალადობა და უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთება. პოლიცია უზრუნველყოფს ქვეყანაში წესრიგის დაცვას, როგორც არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგაც.” - აღნიშნა პრემიერმა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ხდება ახალი კადრების აყვანა და მათი გადამზადება. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს იმ სამუშაოსთვის, რომლებსაც ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ასრულებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ეკა ზღულაძის განცხადებით, საპატრულო პოლიციას გააჩნია საკმარისი რესურსები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის შემდეგაც განაგრძონ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა.

 

კომენტარები