ცვლილებები მთავრობაში

ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგა

შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია თანამდებობიდან გადადგა

”მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, შეძრწუნებული ვარ იმ დანაშაულით, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე წლებია აღარ ვხელმძღვანელობ სასჯელაღსრულების სისტემას, ზოგიერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ არ დაეშვათ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები, ჩემი ხელმძღვანელობის დროს დაიწყო მუშაობა სისტემაში. აქედან გამომდინარე მე ვგრძნობ მორალურ  და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას  იმის გამო, რომ ჩვენ ვერ აღვკვეთეთ ეს საშინელი პრაქტიკა. ამიტომ მივმართე პრეზიდენტს ჩემი გადადგომის შესახებ განცხადებით,” ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდეობაზე ახალაია 2012 წლის 4 ივლის დაინიშნა. მანამდე, 2009-2012 წლებში ის თავდაცვის მინისტრი იყო. 2008-2009 წლებში ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, 2005-2008 წლებში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო.

ბაჩო ახალიას გადადგომას გლდანის ციხეში მომხდარი წამების ფაქტთან დაკავშირებით ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ითხოვდნენ. 

კომენტარები