ავღანეთი

ნატოს ძალების მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას ავღანეთში ქალები ემსხვერპლნენ

ავღანეთის პროვინცია ლაგმანში ნატოს სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად სულ მცირე რვა ქალი დაიღუპა. ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, ოპერაციისას 30 შეიარაღებული ავღანელი პირი დაიღუპა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ავიადარტყმას მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ.

აღნიშნული ოპერაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც პროვინცია ზაბულში ნატოს მისიის ოთხი სამხედრო პირი ავღანელი სამართალდამცავების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გარდა ამისა, 14 სექტემბერს მოძრაობა თალიბანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ნატოს ბრიტანულ ბაზაზე, სადაც პრინცი ჰარი მსახურობს, სულ მცირე ორი ამერიკელი ფლოტის მოსამსახურე ემსხვერპლა.

თალიბანის წარმომადგენლების თქმით, თავდასხმის მიზეზი აშშ–ში გადაღებული ანტიისლამური ფილმია. აღნიშნულმა ფილმმა უკვე გამოიწვია მასობრივი პროტესტები მუსლიმურ სამყაროში, ანტი-ამერიკული საპროტესტო აქციები გაიმართა ლიბიაში, ეგვიპტეში, ერაყში, ირანში, ტუნისსა და სხვა ქვეყნებში.

2012 წლის განმავლობაში ავღანელი სამართალდამცავების თავდასხმების შედეგად ნატოს 51 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, რომელთა უმრავლესობაც ამერიკის მოქალაქეა.

 

კომენტარები