არჩევნები 2012

დებატები პირველ არხზე

საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირ ეთერში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის პირველი დებატები გაიმართა. შალვა ნათელაშვილმა, გიორგი თარგამაძემ და მოქმედმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა ოთხ ერთსა და იმავე კითხვას უპასუხეს. მათ პასუხების გასაცემად 3-3 წუთი მიეცათ. ბიძინა ივანიშვილმა დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მისასალმებელ სიტყვაში ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მან დებატებში სააკაშვილი და ივანიშვილი გამოიწვია, თუმცა, სააკაშვილი შეშინდა, ხოლო ივანიშვილმა „ჯავშან-აკვარიუმიდან“ არ ისურვა გამოსვლა.ნათელაშვილმა პინგვინის ფოტოც მიიტანა ეთერში და მისი ივანიშვილის სკამზე დადება ისურვა.

გიორგი თარგამაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხელისუფლებას შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატო-ში გაწევრიანება, მეტი თავისუფლება და დემოკრატია. ხელისუფლების წარმომადგენლები მან პოლიტიკურ ტირანოზავრებადაც მოიხსენია.

ვანო მერაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა დებატებში მონაწილეობაზე. მისი თქმით, ეს ამომრჩევლისადმი პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა. მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოში კიდევ ბევრი რამე აქვთ გასაკეთებელი - ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს. არ არის საკმარისი ის, რომ ქვეყანაში არის უსაფრთხოების შეგრძნება, აღარ არიან კანონიერი ქურდები, დამარცხდა კორუფცია, დაზღვეულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი და აღარ არის საჭირო ქრთამი. მისი თქმით, ბევრმა ოჯახმა ჯერ კიდევ ვერ იგრძნო ეს სარგებელი თავის თავზე, რაც უნდა შეიცვალოს. ამიტომ, მათი პრიორიტეტია ხალხისთვის მეტი სარგებლის მოტანა: ახალი სამუშაოების შექმნა, ხარისხიანი ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობის განვითარება...

პირველი კითხვა, უმუშევრობის დაძლევას შეეხებოდა. კანდიდატებს ამ პრობლემის გადასაჭრელად სამი კონკრეტული პარამეტრის დასახელება სთხოვეს. გიორგი თარგამაძემ დაასახელა: სამართლიანი ტარიფები ხალხს და სამართლიანი ენერგეტიკა ეკონომიკას, სოფლის მეურნეობის განვითარება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი უმთავრესი გამოწვევა სწორედ უმუშევრობა იქნება. გაიხსენა, რომ ახალი სამინისტრო უკვე შექმნეს, რომელიც აღწერს საქართველოში უმუშევრებს, მათ პრობლემებს, ასევე იმას, რა პროფესიებზეა საქართველოში მოთხოვნა. ეს ინფორმაცია კი მთავრობას იმის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება, როგორ დაეხმარონ უმუშევარ ადამიანებს - კვალიფიკაციის ამაღლებაში და ა.შ. მან ასევე განაცხადა, რომ მომავალ წლებში ახალი ინვესტიციები 80 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, ასევე დაასახელა ტურიზმის განვითარებაც, რაც 140 ათასს ადამიანს დაასაქმებს. მერაბიშვილის თქმით, ჰესების მშენებლობაში 13 ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო გზების მშენებლობაზე 40 ათას ადამიანზე მეტი. განსაკუთრებული ყურადღება კი შუახნის ადამიანებისკენ იქნება მიმართული.

შალვა ნათელაშვილმა მთავრობის კრიტიკას დაუთმო დრო. მან განაცხადა, რომ სამუშაო ადგილებს ხელისუფლება ჩინელებისთვის, ირანელებისთვის, თურქებისთვის, ბურებისთვის ქმნის და არა „რეალურად“. მისი თქმით, კლანები უნდა დაიმსხვრეს სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ასევე გავიდნენ რუსულ ბაზარზე.

მეორე კითხვა დაისვა ბიუჯეტის პროცენტულ განაწილებაზე პრიორიტეტების მიხედვით. პირველად ამ კითხვაზე პასუხი ვანო მერაბიშვილმა გასცა. მან ჩამოთვალა პარტიის პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის მიხედვითაც განაწილდება ბიუჯეტი: სოფლის მეურნეობა, პენსიები, 1000 ლარიანი ვაუჩერი, დაზღვევა და ა.შ. შალვა ნათელაშვილის ისაუბრა ღირსეულ პენსიაზე, მეტ სამუშაო ადგილზე, სტუდენტების სტიპენდიაზე, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე, ჯანდაცვაზე და სხვა საკითხებზე.

თავის მხრივ, გიორგი თარგამაძემ 10 მილიარდიან ბიუჯეტზე ისაუბრა, 8%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში და მიუთითა, რომ ამ პროგნოზს მთავრობაც იზიარებს. მთავარ პრიორიტეტად კი სოციალური მიმართულებები დაასახელა: პენსიები, ჯანდაცვა, განათლება, დევნილების დახმარება, მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება და სხვა.

მესამე შეკითხვა საგადასახადო და ფისკალური პოლიტიკის აღწერას გულისხმობდა. კანდიდატებს სთხოვეს, აეხსნათ რის ხარჯზე აპირებდნენ გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას. შალვა ნათელაშვილის თქმით, ამას არ სჭირდება დიდი ეკონომიკური გათვლები, მას ხალხზე შეყვარებული ხელისუფლება იოლად შეძლებს. ნათელაშვილმა საკუთარი პარტიის ლოზუნგი გაიხსენა- მდიდარს ვართმევთ, ღარიბს ვაძლევთ და თქვა, რომ ამაში უკანონოდ გამდიდრებულებს გულისხმობენ.

გიორგი თარგამაძემ ამ მიმართულებით პრიორიტეტად სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია, თავდაცვისა და სამართალდამცავი ორგანოების დაფინანსების შემცირება და ეკონომიკური აქტივობის ზრდა დაასახელა. ასევე მან ისაუბრა პროგრესულ საშემოსავლო გადასახადზეც - 10-20%-მდე. ვანო მერაბიშვილმა ისაუბრა, რომ მათი ხელისუფლების პირობებში ბიუჯეტი 15-ჯერ გაიზარდა და სწორედ ეს აძლევს პარტიებს თამამი დაპირებების გაცემის შესაძლებლობას, რაც 2003 წლის ბიუჯეტით უტოპიური იქნებოდა.

მეოთხე კითხვა ქვეყნის უსაფრთხოებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა. გიორგი თარგამაძემ ქართული დიპლომატიის ძალისხმევა შეაქო არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნების მიმართულებით, ნატოში გაწევრიანება კი ეროვნულ ამოცანად გამოაცხადა და განმარტა, რომ არ აკეთებენ აქცენტს ნატოზე, როგორც დეოპუკაციის პირდაპირ მექანიზმზე.

მან განაცხადა ისიც, რომ ნატოს წევრობა უნდა გახდეს ფაქტორი, რომელიც საქართველოს დამატებით წონას შესძენს რუსეთთან მოლაპარაკებაში. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კონტექსტში, მისი აზრით, რუსეთთან საერთო ინტერესები შეიძლება გამოინახოს. ამ ინტერესს, თარგამაძის თქმით, წარმოადგენს კავკასიაში რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ნაციონალური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ორივე ქვეყანას უქმნის პრობლემას. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება უნდა დაარწმუნონ, რომ ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში შეიძლება იყოს არა საფრთხე, არამედ ამ პრობლემების მთავარი შემაკავებელი, პირველ რიგში, რუსეთისთვის.

ვანო მერაბიშვილის თქმით, თავისი საქმიანობის ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში სწორედ უსაფრთხოების საკითხებით იყო დაკავებული. მან სიხარული გამოთქვა, რომ საქართველო უკვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად კრიმინალურ ქვეყნად მსოფლიოში.

უსაფრთხოების თვალსაზრისით მან მთავარ ამოცანად ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაასახელა. თქვა, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ აქვს და განაცხადა, რომ ახარებს ამ საკითხზე ოპოზიციურ წრეებში არსებული კონსენსუსი.

რუსეთთან დაკავშირებით, ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობა მომხრეა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების. მან ჩამოთვალა საქართველოს ხელისუფლების გადადგმული ნაბიჯები: შეთანხმება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ცალმხრივად უვიზო რეჟიმის გამოცხადება. თუმცა, მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ უნდა მოხდეს წარსულის და წარსული სიბნელის დაბრუნების ხარჯზე - მათ შორის ძველი ჩინოვნიკების.

ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე მიმართა აფხაზებს და ოსებს და მათ დახმარებას დაჰპირდა. მერაბიშვილს დებატში სასაუბრო დრო ამოეწურა და ამ ნაწილის დასრულება ვერ შეძლო.

შალვა ნათელაშვილმა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური გზების გახსნის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი საფრთხე საქართველოსთვის არა პუტინი და რუსეთი, არამედ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკაა. ის ნატოს წინააღმდეგაც გამოვიდა და თქვა, რომ მისკენ მისწრაფებამ დააკარგვინა ქვეყანას აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

საბოლოო მიმართვაში, ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ დღევანდელმა დებატმა საქართველოში დემოკრატიის არსებობა დაადასტურა. მან მიმართა საქართველოს მოქალაქეებს, რომ აირჩიონ საუკეთესო პროგრამა და მისი საუკეთესოდ შემსრულებელი.“ მე ისევე შევებრძოლები უმუშევრობას, როგორც ვებრძოდი კორუფციას და კრიმინალს“ - განაცხადა მან. შალვა ნათელაშვილის თქმით, ხალხი ხელისუფლებით დაიღალა და მათი დაპირებები მათი წასვლის შემდეგ შესრულდება. გიორგი თარგამაძემ კი ახალგაზრდებს მოუწოდა აქტიურობისკენ, ასევე მიმართა პედაგოგებს და დევნილებს და მათ პრობლემების გადაჭრას დაპირდა.

 

კომენტარები