არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გორში, თელავსა და რუსთავში

ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის შემდეგ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობას გორში, თელავსა და რუსთავში შეუერთდა.

გორში საუბრისას სააკაშვილმა ქართული ოცნების კანდიდატი გააკრიტიკა. მისი თქმით, ეს ადამიანი საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში უჩიოდა და ამბობდა, რომ ქართველებმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს.

”ქარელში კენჭს იყრის ადამიანი, რომელიც ქართული დროშის ქვეშ არ გამოვიდა პეკინის ოლიმპიადაზე იმიტომ, რომ მძინარე ცხინვალი გააღვიძეს ქართველებმაო. ახლა იყრის კენჭს და უნდა თქვენი მეშვეობით მოვიდეს პარლამენტში. რა არის ამაზე მეტი დაცინვა და სულში ჩაფურთხება ჩვენი ერისთვის, ” თქვა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გორის სახელი 2008 წელს მთელმა მსოფლიომ გაიგო. მაგრამ მისი ამბიციაა, გორი მსოფლიომ გაიცნოს, როგორც ნანგრევებიდან აღდგენილი ქალაქი.

თელავში საუბრისას პრეზიდენტი ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხს შეეხო და ის პოლიტიკოსების გააკრიტიკა, რომლებიც ”ტერორისტების ბედის გამო მოთქვამენ,” ქართველების დაღუპვის გამო კი მწუხარება არ გამოუხატავთ : ”რამდენიმე დღის წინ, როგორც 90-იან წლებში, დაგვიპირეს ისევ პანკისობა და ლეკიანობა და თქვენ ნახეთ ქართული სახელმწიფოს პასუხი. მე მინდა ვუთხრა ყველას, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ვისაც სინანული არ გამოუთქვამთ ჩვენი ბიჭების დაღუპვის გამო, რომლებიც კახეთსა და საქართველოს იცავენ და დღემდე მოსთქვამენ ტერორისტების ბედის გამო - თქვენ ვერასოდეს გაიმარჯვებთ საქართველოში, იმიტომ რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო."

სააკაშვილმა კახეთში მომხდარ სტიქიურ უბედურებაზეც ისაუბრა და უბედურების დროს ქართველთა ერთად დგომა და ურთიერთ-დახმარება შეაქო.

რუსთავში საუბრისას პრეზიდენტმა იმ პოლიტიკური ძალების ლობისტური საქმიანობა გააკრიტიკა, რომლებიც ”რუსულ ფულს ხარჯავენ, რომ საქართველო სხვანაირად დაანახონ” დასავლეთს.

”ყოველთვის შეიძლება მოისყიდო ცალკეული ქართველები და უცხოელებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში არც საქართველო და არც დემოკრატია არ გაიყიდება, ჩვენ გავხდებით დემოკრატიული სამყაროს განსაკუთრებული ნაწილი,” თქვა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს არჩევნებით მიაღწიოს იმას, რაც ომით ვერ შეძლო.

სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნების კანდიდატი, რომელიც დღეს რუსთავში იყრის კენჭს ადრე ნაციონალური მოძრაობაში იყო და სამტრედიაში იყრიდა კენჭს. პრეზიდენტის შეფასებით, ძიძიგური სამტრედიაში არ აირჩიეს, რადგან არ მოსწონდათ და ახლა ქართული ოცნება ცდილობს ”სექონდ ჰენდ” კანდიდატი რუსთავში გაიყვანოს. 

”რუსთავი თვალში ხომ არ ეპატარავებათ, რომ "სექენდ ჰენდი" შემოგტენონ,” თქვა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყრილობაზე განსაკუთრებით ბევრი ადამიანი არის მისული. მისი თქმით ამდენი ადამიანი არც ეროვნული მოძრაობის და არც ვარდების რევოლუციის დროს არ გამოსულა ქუჩაში. სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა ბრალდებას, თითქოს მმართველი პარტიის აქტივისტები დაჰყავთ ერთი ქალაქიდან მეორეში.

”ამბობენ, სააკაშვილს ყრილობაზე აქეთ-იქეთ დაჰყავს თავისი ხალხიო, მაგრამ ასეულობით ათას ადამიანს ვერტმფრენით ვერ ატარებ,” თქვა სააკაშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს 10 ქალაქსა და თბილისში ყრილობას მართავს. თბილისში ყრილობა 21:00-ზე, სპორტის სასახლეში დაიწყება. 

 

 

კომენტარები