ავღანეთი

პრინც ჰარიმ ავღანეთში სამხედრო სამსახური დაიწყო

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილიშვილი პრინცი ჰარი ოთხი თვის განმავლობაში ავღანეთში სამხედრო სამსახურს მოიხდის. 6 სექტემბერს სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე Camp Bastion მივიდა.

პრინცი ჰარი ისლამისტური დაჯგუფება თალიბანის წინააღმდეგ ჩატარებულ საომარ მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას. პრინცმა თებერვალში სამხედრო ვერტმფრენის Apache-ის პილოტის კვალიფიკაცია მიიღო, რისთვისაც მან შესაბამისი მომზადება აშშ-სა და ბრიტანეთში გაიარა.

გაერთიანებული სამეფოს ოჯახის წარმომადგენელი ავღანეთში საბრძოლო ვერტმფრენის პოლოტი იქნება, რომლის მოვალეობაშიც ჯავშანტექნიკის აღმოჩენა და განადგურება შედის. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ვერტმფრენ Apache-ის უსაფრთხოებას მაღალ შეფასებას აძლევს.

პრინცი ჰარი ჰელმანდის პროვინციაში 2007-2008 წლებშიც მსახურობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი ადგილმდებარეობის შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა, პრინცი ავღანეთიდან გამოიყვანეს.

 

კომენტარები