NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემა სამუშაო ადგილებია

დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში NDI-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული მოსახლეობისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობაა.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას აგვისტოს თვის მონაცემებით, მოსახლოების 57% მიიჩნევს. თებერვლის თვეში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 63 %-ს იყო.

კითხვაზე, როგორ შეიცვალა მდგომარეობა 2008 წლის იანვართან შედარებით სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, მოსახლოების 46% პასუხობს, რომ არ შეცვლილა, 27% მიიჩნევს, რომ გაუარესდა, ხოლო 19% თვლის, რომ გაუმჯობესდა. იგივე კითხვაზე, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, 23% პასუხობს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდა, 30% თვლის, რომ მდგომარეობა გაუარესებულია, ხოლო 39%-ისთვის არ შეცვლილა. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, 47%-ის აზრით, მდგომარეობა გაუარესდა, 45% მიიჩნევს, რომ არ შეცვლილა, ხოლო 2% ამბობს, რომ გაუმჯობესდა. 

ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად დასახელდა - ნაგვის გადასახადის მიბმა ელექტორენერგიის გადასახადთან (მხოლოდ თბილისი) და კომუნალური მომსახურების ღირებულება.

ნაგვის გადასახადის მიბმა ელექტრო ენერგიის გადასახადთან, ყველაზე მნიშნელოვან ადგილობრივ პრობლემად აგვისტოს თვეში გამოკითხულთა 67%-მა დაასახელა, რაც 1%-ით აღემატება ივნისის მაჩვენებელს. ხოლო კომუნალური მომსახურების ღირებულებები აგვისტოში გამოკითხულთა 43%-მა, ივნისში კი 39%-მა დაასახელა.

კითხვაზე -თვლით თუ არა თავს დასაქმებულად - გამოკითხულთა 67% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 33% დადებითად. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 46% არის უმუშევარი და ეძებს სამსახურს.

გამოკითხულთა 33% არის დასაქმებული სრულ ან ნახევარ განაკვეთზე, 6% უმუშევარია და არ ეძებს სამსახურს, 33% უმუშევარია და ეძებს სამსახურს, ხოლო დარჩენილი 28%-ს მოიცავს არააქტიური შრომითი რესურსი.

2008 წლის იანვართან შედარებით საკუთარი ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესებას აგვისტოს თვის მონაცემებით, გამოკითხულთა 23% აღნიშნავს, გაუარესებას 24%, ხოლო 51% ამბობს, რომ იგივე მდგომარეობაშია. 

კითხვაზე- როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 47% პასუხობს, რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 14%-ის აზრით ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 11% თვლის, რომ მდგომარეობა საერთოდ არ იცვლება, 7% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, ასევე 7% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 31 ივლის-12 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2038 რესპოდენტმა მიიღო, კვლევის ცდომილება 3%-ია.

 

კომენტარები