ცესკო

ცესკო: არჩევნები როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში პირველ ოქტომბერს ჩატარდება

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნების პირველი ოქტომბრის ნაცვლად 29 ან 30 სექტემბერს ჩატარების შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა.

ცესკო-ს პრესსპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნების თარიღი კანონით არის განსაზღვრული და ის როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ პირველ ოქტომბერს ჩატარდება.

,,არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი და ის განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია არჩევნების თარიღის გადაწევა ან გადმოწევა. ეს ჩვენს ნებაზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არჩევნების თარიღის შეცვლა, უცხოეთში იქნება ეს თუ საქართველოში, ვერ მოხდება და კანონით განსაზღვრულ პირველ ოქტომბერს ჩატარდება." - განაცხადა ეკა აზარაშვილმა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცესკო-სადმი მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების დაცვის მიზნით წამოიჭრა.

,,მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლების განხორციელების მიზნით და მისცეთ მათ შესაძლებლობა, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ არა ორშაბათს, პირველ ოქტომბერს, არამედ 29 ან 30 სექტემბერს - უქმე დღეს."-ნათქვამია მიმართვაში.

აღნიშნულს გამოემხაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. მათი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივას ,,კანონი ზურგსა არ უმაგრებს’’ და ამ მოთხოვნის შესრულება სამართლებლივად ძნელი წარმოსადგენია.

კომენტარები