დაძაბულობა საზღვარზე

რუსული წყარო: ტერაქტების კოორდინირება რუსეთში შესაძლოა პანკისიდან ხდებოდეს

რუსული გამოცემა Izvestia.ru საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული პირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა იუწყება, რომ 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში ლიკვიდირებული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები, სავარაუდოდ, საზღვრის გავლით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ. Izvestia.ru გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ შეიარაღებული პირები, ჩეჩნეთიდან ან დაღესტნიდან რუსეთის სპეციალურ სამსახურებს ემალებოდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსული წყარო დაჯგუფების 11 წევრიდან ორის ცხედრის ამოცნობით ადასტურებს, რომლებიც გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები არიან. გამოცემას აგრეთვე, კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადება მოჰყავს, რომლის თანახმადაც, დაჯგუფების კიდევ ხუთი რუსი ამოცნობილი წევრი, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა. მათ შორის ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირი, დუკვახა დოშუევი, ახმად ზაკაევის (დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი) პირადი მცველი.

”ზაკაევის ნაცნობები შესაძლოა ახლაც საქართველოში იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლიკვიდირებულები პანკისთან არიან დაკავშირებულნი, რუსეთს კვლავ შეუძლია საქართველო შეიარაღებული დაჯგუფებების მფარველობაში დაადანაშაულოს. მათი სახელები, გვარები ცნობილია. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი დაღესტნისკენ მიდიოდა.” - აცხადებს მამუკა არეშიძე.

არეშიძის თქმით, შეიარაღებული დაჯგუფებები პანკისში ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაფუძნდნენ რვა ათას დევნილ ჩეჩენთან ერთად.

სხვადასხვა რუსული გამოცემებით აგრეთვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ერთ-ერთი პირი დუკვახა დოშუევი, ახმად ზაკაევის პირადი მცველი იყო.

საქართველოს შს სამინისტრო თავდაპირველად აცხადებდა, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული 11 პირიდან არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ იყო. მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა – 1990 წელს დაბადებული ასლან მარგოშვილი და 1986 წელს დაბადებული ბაჰაუდინ ქავთარაშვილი. დანარჩენი 5 პირი კი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ჩრდილოეთ კავკასიიდან, მათ შორის ჩეჩნეთში დაბადებული დუკვახა დოშუევი.

 

კომენტარები