ავღანეთი

დაკარგული განძის რეპატრიაცია ავღანეთში

ბრიტანული მუზეუმისა და გაერთიანებული სამეფოს პოლიციის დახმარებით, ავღანეთს რვაასზე მეტი არტეფაქტი დაუბრუნდა.

`ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ არტეფაქტების უკან დაბრუნება, რადგან ისინი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის ნაწილია, რომლებიც ომის სამი დეკადის განმავლობაში ძარცვის შედეგად დაიკარგა’, - ამბობს ავღანეთის კულტურის მინისტრი, საიედ მასადექ ხალილი.

მნიშვნელოვან არტეფაქტებს შორისაა თიხოვანი ფიქლით გაკეთებული ბუდა, რომელიც მეორე საუკუნით თარიღდება. 1990-იანებში ის ავღანეთის ეროვნული მუზეუმიდან გაქრა, მოგვიანებით კი იაპონელი კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც მის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, თუმცა ავღანეთის ისტორიაზე შეყვარებულმა ერთმა ბრიტანელმა მოვაჭრემ საკუთარი თანხით შეძლო მისი გამოსყიდვა და ბუზეუმისთვის დაბრუნება.

ხალილის განცხადებით, 2001 წლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებიდან ავღანეთში ცხრა ათასამდე არტეფაქტი დაბრუნდა. მათი დიდი ნაწილი გასული საუკუნის 90-იანებში, ავღანეთის სამოქალაქო ომის დროს იქნა მოპარული და შავ ბაზარზე გატანილი. ქაბულის ეროვნულმა მუზეუმმა იმ წლებში ექსპონატების ორი მესამედი ნაწილი დაკარგა. თალიბებმა მაშინ გაანადგურეს ბევრი ბუდისტური არტეფაქტიც, რადგან ისინი არაისლამურად მიიჩნიეს. 

აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ეროვნული მუზეუმი სამოქალაქო ომამდე ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთი უდიდესი კოლექციის მფლობელი იყო.

კომენტარები