ტერორიზმი

საქართველოში ტერაქტის მცდელობის უკან ირანი იდგა?

საქართველოში, ასევე ინდოეთსა და ტაილანდში ისრაელის დიპლომატიური მისიების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების უკან ირანი დგას - ამის შესახებ, ინდურ მედიაზე დაყრდნობით, ისრაელური პორტალი Israeldefense იუწყება.

წყაროს თანახმად, ნიუ-დელის პოლიციამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ 2012 წლის თებერვალში ინდოეთში ისრაელის დიპლომატიური მისიის ავტომანქანაზე თავდასხმაში ირანის რევოლუციური გვარდიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამავე წყაროს ცნობით, იგივე ჯგუფმა დაგეგმა ტერაქტები თბილისსა და ბანგკოკში. პოლიციამ ეჭვმიტანილთა ვინაობა და მათი გეგმები ინდოელი ჟურნალისტის საიედ მოჰამად კაზმის ჩვენების მიხედვით დაადგინა, რომელიც ტერორისტებთან თანამშრომლობდა.

შეგახსენებთ, თბილისში ისრაელის ელჩის მძღოლის პირად ავტომანქანაზე დამაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქართველმა სამართალდამცავებმა 13 თებერვალს აღმოაჩინეს. იმავე დღეს მსგავსი დანაშაული ინდოეთის დედაქალაქში მოხდა - ისრაელის საელჩოს კუთვნილ ავტომანქანაზე მიმაგრებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ისრაელის სამხედრო ატაშეს მეუღლე.

მეორე დღეს, 14 თებერვალს, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ირანის მოქალაქეთა ჯგუფი დააკავეს - მას შემდეგ, რაც მათ შეცდომით ბომბი აუფეთქდათ. ტაილანდის პოლიციის მტკიცებით, ტერორისტების სამიზნე ამ შემთხვევაშიც ებრაელი დიპლომატები უნდა გამხდარიყვნენ.

ისრაელმა ყველა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თეირანს დააკისრა.

 

კომენტარები