2013 წელს ეკრანებზე რობერტ როდრიგესის ფილმი “მაჩეტე კლავს” გამოვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ როლს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად რეჟისორმა გაავრცელა, როდესაც თავის გვერდზე Twitter-ში აღფრთოვანებით დაწერა მომღერლის სამსახიობო ნიჭის შესახებ. ფილმის მთავარ როლში ისევ დენი ტრეხო იქნება, რომელსაც პარტნიორობას ლედი გაგას გარდა გაუწევენ: მიშელ როდრიგესი, ჯესიკა ალბა, მელ გიბსონი და ჩარლი შინი ამერიკის პრეზიდენტის როლში.
“მაჩეტე კლავს”, როდრიგესის წინა ფილმის - “მაჩეტეს” (2010) გაგრძელებაა. ამ ფილმის შექმნის იდეა როდრიგეს მას მერე გაუჩნდა, რაც 2007 წელს ქვენთინ ტარანტინოსთან ერთად გააკეთა პროექტი Grindhouse. მაშინ, ორივე რეჟისორმა მაყურებელს ჰორორის ჟანრში გაკეთებული ორი დამოუკიდებელი ფილმი შესთავაზა, რომელთაც არარსებული ფილმების ტრეილერები ჭრიდა. “მაჩეტე”, როგორც ერთ-ერთი ყალბი ტრეილერი პირველად სწორედ მაშინ გამოჩნდა როდრიგესის ფილმში “ტერორის პლანეტა”.
2010 წელს გადაღებულმა, სრულმეტრაჟიანმა “მაჩეტემ” შემქმნელებს 44 მილიონი მოუტანა, მაშინ როდესაც ფილმზე მუშაობა როდრიგეს 10 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ახალ ფილმში დენი ტრეხო მაფიას და დამნაშავეთა დაჯგუფებას დაუპირისპირდება, რომლებიც მესამე მსოფლიო ომის დაწყებას გეგმავენ.





