ახლო აღმოსავლეთი

სირიული საგა

წლის მარტში დაწყებული ამბოხებიდან თექვსმეტი თვის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი კვლავ რჩება დომინოს ქვად, რომელიც უარს აცხადებს დაცემაზე. რეჟიმის ძალადობრივ პასუხს უკვე თოთხმეტი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასი ათასამდე დევნილად აქცია, ხოლო ნახევარ მილიონს სახლის დატოვება აიძულა. სირია სამოქალაქო ომში ჩათრევის ზღვარზე დგას, ხოლო მზარდი კრიზისი რეგიონულ გართულებებს იწვევს. აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია პირდაპირი ჩარევისგან თავს იკავებს და პრობლემას ირანულ ბირთვულ საფრთხესთან მთლიანობაში განიხილავს, რაც გეოპოლიტიკურ არენაზე რუსეთის მნიშვნელობას წინ სწევს.

22 ივნისს, სირიამ ჩრდილო-დასავლეთ საზღვრის სიახლოვეს, მოულოდნელად ჩამოაგდო თურქული გამანადგურებელი. თურქი სახელმწიფო პირების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავი რუტინულ საწვრთნელ მისიას ასრულებდა და საერთაშორისო საჰაერო ზონაში იმყოფებოდა. სირიულმა მხარემ მომხდარს შემთხვევითობა უწოდა და თურქეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება გამორიცხა. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ამით ასადმა ინტერვენციის მომხრეებს

თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლი
საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები დაანახა. ამავე დროს, ინციდენტამდე ორი დღით ადრე, სირიული საჰაერო ძალების ერთმა პილოტმა თვითმფრინავით იორდანიაში თავშესაფარი მოითხოვა. შესაძლებელია, რეჟიმის რეაქცია სხვა პილოტების მიმართ ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენდა.

უკანასკნელ ხანებში, ასადის რეჟიმის მთავარ დასაყრდენ, 300,000-იან სახელმწიფო ჯარში მორალის ნაკლებობა შეინიშნება. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მისი მესამედი დეზერტირია და ან უცხოეთში წავიდა, ან ამბოხებულებს შეუერთდა. ამის ფონზე აჯანყებულთა „თავისუფალი სირიის არმია” დივერსიების მოწყობას მეტი წარმატებით ახერხებს. სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ მიწოდებულმა იარაღმა რევოლუციური ძალების ეფექტურობა შესამჩნევად გაზარდა. ამბოხებულებმა თურქეთთან ჩრდილოეთ-დასავლეთ საზღვრის ტერიტორია, დამასკოსა და ალეპოს შორის მონაკვეთი და სამხრეთით, ჰამას შემოგარენი გაათავისუფლეს, თუმცა უშუალოდ ქალაქებს ვერ ემუქრებიან. უახლესი მონაცემებით, აჯანყებულები დაახლოებით 300 ჯგუფს და 40,000 მეომარს შეადგენენ.

გაზეთ Guardian-ის მიხედვით, ამბოხებულებს სირიული საზოგადოების ერთი მესამედი უჭერს მხარს, ერთი მესამედი მთავრობის მხარეზეა, ხოლო დანარჩენს არცერთი მოსწონს. ბოლო დროს, უკმაყოფილება მატულობს ასადის ტრადიციულ მხარდამჭერ ორ უდიდეს ქალაქში, დამასკოსა და ალეპოში. იქ სამხედრო შენობების დაბომბვა, პოლიციელების მკვლელობა და ღამით ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლები საგრძნობლად გახშირდა. ჰულაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის პასუხად, დამასკოელმა მაღაზიის მეპატრონეებმა თავიანთი ფარდულები დახურეს. დამასკოური სავაჭრო კლასის გარდა, The New York Times-ის ცნობით, ასადის მხარდაჭერა შერყეულია ალავიტურ თემშიც.

ასადის ძალებმა დაპირისპირებული მხარის წინააღმდეგ დაიწყეს იმ ვერტმფრენების გამოყენება, რომლითაც მათ რუსეთი ამარაგებს. ამის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოსკოვი კონფლიქტის ესკალაციაში დაადანაშაულა. გასულ თვეში პენტაგონმა რუსეთის მიერ ტარტუსის ბაზაში სამხედრო არსენალით დატვირთული სამი საზღვაო გემის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. გარდა ამისა, ბრიტანეთის მთავრობის ბრძანებით, შოტლანდიის ნაპირებთან შეაჩერეს რუსული საკონტრაქტო გემი, რომელსაც, სავარაუდოდ, სირიის მიმართულებით ვერტმფრენები და რაკეტები მიჰქონდა. სირიას განვითარებულ თავდაცვით სარაკეტო სისტემას რუსეთის მთავარი იარაღის ექსპორტიორი კომპანია, როსობორონექსპორტი აწოდებს. რუსეთის აქტივობასთან შედარებით, კრიზისში აშშ-ის მონაწილეობა უფრო პასიურად გამოიყურება. Wall Street Journal-ის და New York Times-ის მიხედვით, CIA-ის ოფიცრები სამხრეთ თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან და სირიელ ამბოხებულებში იარაღის განაწილებას უწევენ კოორდინაციას.

სირიული კრიზისის გაღრმავებას, შეიძლება, რეგიონული მასშტაბით საგულისხმო გართულებები მოჰყვეს. მოსალოდნელი ვარიანტია ლიბანის მსგავსი სამოქალაქო ომი, რომელშიც სუნიტური ქვეყნები (თურქეთი, საუდის არაბეთი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები) ამბოხებულებს დაეხმარებიან, შიიტურები (ირანი, ერაყი) კი – მოქმედ რეჟიმს. ირანი დამასკოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარებით უზრუნველყოფს, რასაც ასადისთვის დასავლეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტზე სანქციების დაწესების შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამასთან ერთად, ირანული სამხედრო დაჯგუფება ბასიჯი სირიულ შაბიჰას წვრთნებში ეხმარება. სირიაში მზარდი ქაოსის შემთხვევაში აუცილებელი გახდება დიდი რაოდენობით კონვენციური და ქიმიური იარაღის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რათა ისინი არასაიმედო ხელში არ აღმოჩნდეს.

ბაშარ ალ ასადი
კონფლიქტი ალ-ყაიდას აქტივისტებსაც იზიდავს, რაც მრავალ სირთულეს წარმოქმნის. ამბოხებულთა შორის ჯიჰადისტური ალ-ნუსრას ფრონტის წევრების არსებობა მათ მიმართ სამხედრო დახმარების გაწევას აფერხებს. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 40%-ს უმცირესობები (ალავიტები, ქრისტიანები, ქურთები, დრუზები) შეადგენენ, ექსტრემისტების გაძლიერება ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის შემცველია. პოსტასადისეულ სირიაში რეჟიმის მომხრეების მიმართ სუნიტური შურისძიება ქვეყანას სექტარიანულ დაპირისპირებაში გაურკვეველი ხნით ჩაითრევს და სირიელთა შერიგებას ძალიან გაართულებს. მოვლენების ავღანური სცენარით განვითარება და სახელმწიფოს კოლაფსი ტერორისტთა თავშესაფრის გაჩენასაც ნოყიერ ნიადაგს შეუქმნის.

ნებისმიერი სახის ინტერვენციისთვის გაეროს მანდატზე რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან ვეტო, დასავლური ძალებისთვის სამხედრო ქმედებების თავიდან აცილების ხელსაყრელი საბაბია. ეს ნიღბავს მათი სურვილის უქონლობას, ჩათრეულნი აღმოჩნდნენ რეგიონულ დაპირისპირებაში. საერთაშორისო თანამეგობრობაში არ არსებობს შეთანხმება ოპოზიციის დახმარების ფორმატზე.

კვლევითი ცენტრები გამოყოფენ რამდენიმე სამხედრო შესაძლებლობას. მათ შორისაა არასაფრენი ზონების შექმნა, ამბოხებულთა წვრთნა და ლოჯისტიკური მხარდაჭერა, ასევე თურქეთის და იორდანიის საზღვრებთან ბუფერული ზონებისა და ჰუმანიტარული კორიდორების განთავსება. უკანასკნელი გეგმა ასადის მხრიდან შეტევის ალბათობას წარმოქმნის, ამიტომ NATO-ს და არაბული ლიგის ქვეყნებს, მათ დასაცავად მზადყოფნა მოუწევთ. ჯერჯერობით არცერთი სახელმწიფო არაა მზად სირიის სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად ამგვარი ზომებისთვის. NATO ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაწევასაც გამორიცხავს.

სირიის მიმართ ობამას პოლიტიკას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საარჩევნო კამპანია და ირანის საკითხი. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისთვის ყველაზე ცუდი სცენარი ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებებში ჩაბმაა. გარდა იმისა, რომ ასადის ჩამოგდება ირანისთვის უმთავრესი სტრატეგიული უკანდახევა იქნება, ეს ორი თემა ერთმანეთზე უფრო მჭიდროდაა გადაბმული. ირანის მიმართ მოქმედი ადმინისტრაციის პოლიტიკა, დიპლომატიური ვაჭრობის გზით ბირთვული პრობლემის მოგვარების შესახებ, ობამას სირიაზე მოქმედების არეალს უზღუდავს. ამასთან, თეირანთან შეთანხმება მოითხოვს რუსეთის მხარდაჭერას, რომელიც მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მასპინძლობს. ირანზე პუტინის პოზიციის თანხვედრის სანაცვლოდ, ობამას მისი სირიული პოლიტიკისთვის ანგარიშის გაწევა უწევს.

ობამას რესპუბლიკელი ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ ირანთან ბირთვულ დიპლომატიას და რუსეთთან „გადატვირთვის” პოლიტიკას, რომლებსაც, მათი აზრით, რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს, მიტ რომნის, სირიასთან მიმართებით უფრო მეტი თავისუფლება აქვს. თურქეთში უსაფრთხოების ზონების შექმნა, დაზვერვითა და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა, სირიული ოპოზიციის გაერთიანებაზე ზრუნვა და კოფი ანანის წარუმატებელ დიპლომატიურ საქმიანობაზე უარის თქმა რესპუბლიკური ალტერნატივაა. ფლორიდის შტატის სენატორის, მარკო რუბიოს აზრით, აშშ-ის მხრიდან ნდობის ღირსი ამბოხებულების წვრთნაზე და შეიარაღებაზე პასუხისმგებლობის აღება, პოსტასადისეულ სირიაში სტაბილურობის და ახალი მთავრობის

სირიელი ლტოლვილების ბანაკი თურქეთში
ზომიერი საგარეო პოლიტიკის გარანტი იქნება.

სირიაში ინტერვენციას ვაშინგტონისთვის ძლიერი მორალური და სტრატეგიული იმპერატივები აქვს. სირიელი ხალხის ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებას ჰუმანიტარული საფუძველი აქვს, რაც ლიბიაში ჩარევისას ხელშესახები ფაქტორი გამოდგა. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში ირანისა და რუსეთის მთავარი რეგიონული მოკავშირის დამხობა აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. ასადის რეჟიმის კოლაფსი ისრაელთან კონფრონტაციის ფონზე მნიშვნელოვნად შეასუსტებს ირანის გავლენას და გაართულებს მის მხარდაჭერას ჰეზბოლას და ჰამასის მიმართ. დროული ჩარევა კრიზისის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელების საფრთხეს და ალ-ყაიდას გააქტიურებასაც ხელს შეუშლის.

სირიას ლიბიის შემთხვევისგან რამდენიმე გარემოება განასხვავებს და ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შესაძლებლობას ამცირებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხედრო ტოპოგრაფია. სირია ლიბიის ტერიტორიის მეათედს შეადგენს, თუმცა სამჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს. ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველის, ფარიდ ზაქარიას შენიშვნით, ოპოზიციამ გარკვეულწილად ამიტომ ვერ შეძლო ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილის ხელში ჩაგდება. მოსახლეობის სიმჭიდროვე სამხედრო ქმედებებით გამოწვეული დანაკარგების ალბათობას ზრდის. თავად ოპოზიცია სამ ნაწილადაა დაქსაქსული, ხოლო თავისუფალი სირიის არმია უფრო ამბოხებულთა კრებითი სახელია, ვიდრე ერთიანი მხარე. განსხვავებაა გეოპოლიტიკაშიც – სირიას, ლიბიისგან განსხვავებით, რეგიონული და მსოფლიო ძალები (ირანი, რუსეთი) მხარს უმაგრებენ და აქტიურად ეხმარებიან. ალავიტი ოფიცრებით დაკომპლექტებული არმიაც ასადის ერთგული რჩება, რადგან რეჟიმის გადაგდება მათ არსებობას ეგზისტენციალურად ემუქრება.

სირიაში დაღუპულთა რიცხვის მზარდი პროგრესიით მატებასთან ერთად, სულ უფრო ხშირდება აშშ-ის მიერ პასუხისმგებლობის აღებისა და სამხედრო ჩარევისკენ მოწოდებები. შესაძლო ჩარევის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელთა შორის საგრძნობი განსხვავებებია. ერთი მათგანია საჰაერო დახმარება ოპოზიციის შეიარაღებასთან ერთად – 1999 წელს სერბეთის და 2011 წელს ლიბიის ოპერაციების მსგავსად. ამ მიდგომის ნაკლოვანება ის არის, რომ შეიძლება დიდხანს და უნაყოფოდ გაგრძელდეს. ლიბიასთან შედარებით, სირიაში სამთავრობო არმია გაცილებით ძლიერია, ხოლო ოპოზიცია საკმაოდ სუსტი იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შეძლოს უპირატესობის მოპოვება. ამერიკული საჰაერო ძალები სირიულ სამხედრო ინფრასტრუქტურას უზარმაზარ ზარალს მოუტანენ, თუმცა გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სამხედრო ფორმირებებს დიდად ვერ აზიანებენ.

ამერიკას ჯერჯერობით არავინ მოუწოდებს, რომ რეჟიმი ქვეყნის დაპყრობით შეცვალოს, თუმცა ხოცვა-ჟლეტის შესაჩერებლად და ასადის ჩამოსაგდებად, შესაძლოა, ეს ერთადერთი გზა გახდეს, განსაკუთრებით, თუ სხვა საშუალებები არ გაამართლებს. სადამის ერაყისგან განსხვავებით, სირიაში სამთავრობო არმია უკვე ჩართულია შიდა დაპირისპირებაში, უფრო მცირერიცხოვანი და ნაკლებად გამოცდილია, ამიტომ თავდაპირველი შეჭრა უფრო ადვილი იქნება. 2003 წელთან შედარებით, საერთაშორისო მხარდაჭერაც, სავარაუდოდ, უფრო ფართო იქნება, რადგან ინტერვენცია განსხვავებულად, ჰუმანიტარული გადმოსახედიდან შეფასდება.

ოკუპაციის გარეშე სრულმასშტაბიანი სახმელეთო ინტერვენცია გრძელვადიან პოტენციურ საშიშროებებს შეიცავს. სამხედრო ძალების სწრაფად გაყვანის შემთხვევაში და ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გარეშე, სირიას სამოქალაქო ომის ბრძოლის ველად და შეუმდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა ემუქრება. ერაყთან შედარებით, სირიის დაპყრობის ხარჯი ნაკლები, თუმცა საკმარისად ძვირი წამოწყება იქნება. ბრუკინგსის ცენტრის შეფასებით, სირიაში შეჭრა და ჯარისკაცთა შენახვის ხარჯები აშშ-ს ყოველწლიურად დაახლოებით 200-300 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამას დაემატება სირიული ეკონომიკის აღსადგენად გაწეული დახმარებები. უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტის და კონგრესში პარტიათა შორის ხარჯებზე მიმდინარე ცხარე კამათის პირობებში, ოკუპაციის სცენარი ნაკლებად პოპულარული იქნება.

 

კომენტარები