არჩევნები 2012

ივანიშვილი: ერგნეთის ბაზრობას აღვადგენთ

დღეს გორში ქართული ოცნების აქცია გაიმართა.   სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, აგვისტოს ომსა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა და ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობაც დადო.

”ქართლის გულში ვდგავართ, საქართველოს გულში და ეს გულია ახლა ნაიარევი. უკვე ოთხი წელი გადის, ეს იარა კი ვეღარ შუშდება” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  იმისთვის კი, რომ ჭრილობამ პირი შეკრას, მისი თქმით, ჯერ ხალხმა უნდა შეკრას პირი ” დღეს და აქ”.

ივანიშვილმა მათ მიმართა: ”ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არა მარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს. ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ - ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია” .

ივანიშვილის განცხადებით, მას არ მიაჩნია, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, რადგან ის არ გადასულა რუსეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. რუსეთთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ ”მოგვიწევს რუსეთთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზება”. ამის მიღწევას კორექტულობითა და პრინციპულობით აპირებს და ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პირობასაც დევს.

ასევე, ის აპირებს, გამოასწოროს ხელისუფლების ”უგუნურება” და ერგნეთის ბაზრობა აღადგინოს. მისი თქმით, ამ ბაზრობის წყალობით, წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობის აღდგენა და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ” მაშინ მათ, ქართველებმა და ოსებმა, თავიდან აღმოაჩინეს, რომ, თურმე, ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ” - აცხადებს ივანიშვილი.

თავის მხრივ, დევნილებს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პირდება, რომ დაუკანონებს მათ საცხოვრებელ ფართებს, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ–კარს დაუბრუნდებიან. ასევე , ამბობს: ”ყველა პირობას შევუქმნით მათ, რომ ღირსეულად შეძლონ ცხოვრება, აღარ იყვნენ ხელისუფლების შემწეობასა და მოწყალებაზე დამოკიდებული”.

ყურადღებასა და შემწეობებს პირდება ივანიშვილი სხვადასხვა ჯგუფებს: ვეტერანებს, I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარჩენალდაკარგულებს, პოლიტრეპრესირებულებს და ჩერნობილის დაზარებულებს. ასევე განაცხადა, რომ არ დაუშვებს 2005 წელს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილი მოსამსახურეების დისკრიმინაციას და ”მათი პენსიები გადაანგარიშდება დღეს მოქმედი ნორმატივების მიხედვით”.

ივანიშვილმა ისაუბრა ახალ სამთავრობო პროგრამაზეც და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრის წარმოდგენილი პროგრამა, პოლიტიკური პლაგიატია - მათი პროგრამების მითვისების მცდელობა. ოღონდ, მათ შორის ერთი სერიოზული განსხვავებაა. ”ჩვენ დაპირებებს ტყუილად არ ვიძლევით, კარგად გათვლილი და გაანგარიშებული გვაქვს ყველაფერი”-ამბობს ის.

ივანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. გორში კენჭს იყრის სოსო ვახტანგიშვილი, ქარელში ლერი ხაბელოვი, ხაშურში ვალერი გელაშვილი, კასპში კი დავით ონოფრიშვილი.

  აქციას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. 

კომენტარები