დღეს კანცელარიაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა. მას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა კარალეთის ინციდენტი იყო. მისი დასრულების შემდგომ ცნობილი გახდა რამდენიმე ინიციატივა - მათ შორის, წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ ერთიანი დოკუმენტის შექმნაზე. იდეა ნაციონალურ მოძრაობას ეკუთვნის.
კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა მედიასთან ისაუბრა ქცევის წესების შესახებ დეკლარაციის არსზე. მისი განცხადებით, დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს კამპანიის მიმდინარეობის ძირითადი საკითხები, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს ძალადობასა და მოსყიდვებზე უარის თქმას.
სხდომაზე შედგა ფორმალური შეთანხმება იმაზეც, რომ იყოს შესაძლებლობა პარტიებმა კომისიის ფარგლებში გაცვალონ ინფორმაცია ამომრჩევლებთან დაგეგმილ შეხვედრებზე და სადაც იქნება ძალადობის საფრთხე, იქ პოლიცია იმყოფებოდეს. ამის შესახებ მედიასთან კომისიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდგომ პარტიების წარმომადგენლებმა ერთხმად დაგმეს ძალადობა.
ქართული ოცნების წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა, აღნიშნა, რომ კარალეთის საქმეში "ქართული ოცნების" დაკავებული წევრები თავად არიან დაზარალებულები და ერთ-ერთ მათგანს აქვს ტვინის შერყევა. მისივე განცხადებით, კომისიას ინციდენტის იმ ოთხი აქტიური მონაწილის სურათებიც წარუდგინა, ვინც დაკავებული არაა. რაც შეეხება დეკლარაციას, ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინიციატივას არ იცნობენ.
მოგვიანებით, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა დეკლარაციის ტექსტი, რომლის ხელმოწერასაც პარტიებს სთავაზობს:
"ჩვენ, ამ დეკლარაციის ხელმომწერი პარტიები, მიუხედავად არსებითი განსხვავებისა მრავალ საკითხთან დაკავშირებით, ვაღიარებთ თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესების გადამწყვეტ მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის. ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.
2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;
3. მზად ვართ განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე"




