სირიის რეჟიმი

სირიაში მასობრივი მკვლელობები გრძელდება

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, ქვეყნის ხელისუფლების სამხედრო ძალებმა პროვინცია ჰამას ერთ–ერთ სოფელში ორასზე მეტი ადამიანი მოკლეს. ოპოზიციონერი აქტივისტების ინფორმაციით, დასახლებული პუნქტი ჯერ დაიბომბა, შემდეგ კი სამხედრო პირებმა ადგილობრივი მცხოვრებლები დახოცეს.

ჰამას საბჭოს წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ სოფელზე კონტროლს ამ დრომდე მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული ოპოზიციონერები ფლობდნენ, ხოლო ხელისუფლებამ დასახლებულ პუნქტზე კონტროლის დაბრუნების მიზნით მასობრივი დაბომბვა მოაწყო.

სირიის სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებებით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მასობრივი მკვლელობები ტერორისტული დაჯგუფებების მიერაა ჩადენილი, რომლებიც ქვეყანაში ვითარების დაძაბვას ცდილობენ.

რამდენიმე დღის წინ სირიელი დიპლომატი ნავაფ ფარესი ქვეყნის ოპოზიციური ძალების მხარეს გადავიდა. ფარესის თქმით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება სირიის მთავრობის ქმედებების პროტესტის ნიშნად მიიღო. გასულ კვირაში კი სირიის სამხედრო ძალების წარმომადგენელი, გენერალი მანაფ ტლასი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ერთ-ერთი დაახლოებული პირია, სირიიდან გაიქცა.

კომენტარები