სირიის რეჟიმი

ბაშარ ასადთან დაახლოებული გენერალი სირიიდან გაიქცა

სირიის სამხედრო ძალების წარმომადგენელი, გენერალი მანაფ ტლასი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ერთ-ერთი დაახლოებული პირია, სირიიდან გაიქცა.

BBC-ის ინფორმაციით, ტლასმა, რომლის მამაც წლების განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის მინისტრი იყო, თურქეთის გავლით პარიზში გადაინაცვლა.

გამოცემის ცნობით, ტლასს სირიის ჯარის წარმომადგენლებიდან, რომლებმაც ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო სირია დატოვეს, ყველაზე მაღალი თანამდებობა უჭირავს.

რამდენიმე დღის წინ მთავრობას და ოპოზიციურ ძალებს შორის არსებული კონფლიქტის გამო, რომელიც ქვეყანაში საომარ ვითარებას ქმნის, სირია 80-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დატოვა. გავრცელებული ცნობით, მათ თურქეთში გადაინაცვლეს.

გაეროს მონაცემებით, უკანასკნელი 16 თვის განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირებების შედეგად  სირიაში ცხრა ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები