ომბუდსმენი

სახალხო დამცველი: პატიმრები გლდანის ციხეში სპეცრაზმის შესვლის და ცემის ფაქტს უარყოფენ

სახალხო დამცველმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ომბუდსმენის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არაგეგმიური მონიტორინგი გლდანის ციხეში ინციდენტების, მასობრივი არეულობისა და რამდენიმე პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ჩაატარეს.

სახალხო დამცველის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად, მონიტორინგი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 6 და 8 ივლისს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც პრევენციული ჯგუფის წევრებმა ციხის ყველა საცხოვრებელი კორპუსი დაათვალიერეს, პირადად შეხვდნენ და ესაუბრნენ 400-მდე ბრალდებულსა და მსჯავრდებულს. მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აგრეთვე, შეამოწმეს სამარტოო საკნები და საკარანტინე საკანი. მონიტორინგის შედეგებში აღნიშნულია, რომ სამარტოო საკნებში მოცემულ მომენტში მოთავსებული იყო 24 პატიმარი, რომლებიც განაწილებული იყვნენ 24 საკანში, ხოლო საკარანტინე საკანთაგან მონიტორინგის დროს დატვირთული იყო 6 საკანი, სადაც განთავსებული იყო 33 ბრალდებული.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმრებთან სხვადასხვა საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციების გადამოწმებას.

”აბსოლუტურად ყველა გამოკითხულმა პატიმარმა უარყო დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის და მათ მიერ პატიმართა ცემის ფაქტი. მონახულებული პატიმრებიდან არცერთს არ აღენიშნებოდა ცემისთვის ან არასათანადო მოპყრობისთვის დამახასიათებელი დაზიანებები. საცხოვრებელ კორპუსებში მყოფმა ყველა პატიმარმა განაცხადა, რომ მათ რადიოს საშუალებით შეიტყვეს უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაცია. ასევე, პრევენციული ჯგუფის წევრები დაინტერესდნენ #8 დაწესებულებაში უკანასკნელ დღეებში ხომ არ იყო გარდაცვლილი რომელიმე პატიმარი, რაზეც ყველამ განაცხადა, რომ ასეთი ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ და არაფერი სმენიათ.” - აღნიშნულია განცხადებაში.

მონიტორინგის შედეგების თანახმად, პატიმრების მხრიდან მთავარ პრობლემად დასახელდა მათი დიდხნიანი დაყოვნება #8 დაწესებულებაში, გასეირნების უფლებით სრულყოფილად სარგებლობის არარსებობა, დაწესებულების მაღაზიაში არსებული პროდუქციის უხარისხობა და სიმწირე. ომბუდსმენის ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანმაშრომლების მხრიდან პატიმრებისადმი არ აღინიშნება გამოწვევა და შეურაცხყოფა. თუმცა გლდანის ციხეში კვლავ პრობლემას წარმოადგენს გადამეტებულად მკაცრი სარეჟიმო მოთხოვნები. სახალხო დამცველის ცნობით, მოთხოვნის შემთხვევაში, პატიმრებისთვის ხელმისაწვდომია ექიმის მომსახურება, ასევე, დაწესებულებაში ფუნქციონირებს აფთიაქი.

”მსჯავრდებულები სარგებლობენ ოჯახებში მიმოწერის უფლებით, ფოსტის საშუალებით ამანათების მიღების უფლებით, აბანოთი სარგებლობის უფლებით კვირაში ერთხელ, დაწესებულების მაღაზიით სარგებლობის უფლებით, პაემნებით თვეში ერთხელ და სატელეფონო საუბრის უფლებით თვეში ორჯერ, სურვილის შემთხვევაში გასეირნების უფლებით, დაუბრკოლებლად ხვდებიან თავიანთ ადვოკატებს, სასულიერო პირებს. პატიმრებს კვლავ არ აქვთ ტელევიზორები. დაწესებულებაში მკვეთრად არის შეზღუდული ხელმისაწვდომობა პრესაზე.” - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელშიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაგეგმიური მონიტორინგის შედეგებია მოყვანილი.

 

კომენტარები