სტიქია რუსეთში

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს სამაშველო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მზადაა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ჯგუფი გაგზავნოს.

განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა. "მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც დატრიალდა რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პრეზიდენტის დავალებით სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით და მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომელიც მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონაში", - აღნიშნა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე ასევე მზადაა, კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნოს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო უწყებას შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრასნოდარის ოლქში ქართული სამაშველო ჯგუფის გაგზავნასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურმა მიიღო დავალება, რის საფუძველზეც ჩვენი მაშველები მზად არიან, რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, გაფრინდნენ ან გაემგზავრონ ზღვით, რათა ადგილზე გაუწიონ დახმარება წყალდიდობით დაზარალებულ მოსახლეობას. ასევე მზად ვართ ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კრასნოდარში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავებულია.

 

კომენტარები