საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთში, კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამინისტრო ფედერაციაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს. განცხადებაში აგრეთვე, ნათქვამია, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე რუსული მხარის შეხედულებისამებრ.
შეგახსენებთ, რომ კრასნოდარის მხარეში მომხდარ წყალდიდობას ბოლო მონაცემებით, 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რუსეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გამოთქვა. მისი განცხადებით, ქართული მხარე მზადაა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ჯგუფი გაგზავნოს.