ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, რუსეთში კრასნოდარის მხარეში წყალდიდობას 170 – ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 9 ივლისი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოაცხადა.
BBC–ის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანის დაღუპვისა და უკრაინაში მომხდარი ავტოავარიის გამო მიიღო, რომელსაც რუსეთის 14 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, გელენჯიკში, ნოვოროსიისკსა და კრიმსკსში, სადაც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა, 5 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ამ დრომდე დატბორილი რჩება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, წყალდიდობის შედეგად 13 ათასი სახლი სრულიად დაიტბორა.
რუსეთის ბევრ ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებია გახსნილი. ინტერნეტის საშუალებით აქტივისტებმა დაზარალებულთა დასახმარებლად მილიონ რუბლზე მეტი შეაგროვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ ქართული მხარე მზადაა სტიქიით დაზარალებულ რეგიონში სამაშველო ჯგუფი გაგზავნოს.