კრასნოდარის მხარის ადმინისტაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანხმადაც, ქალაქ კრიმსკის და კრიმსკის რაიონის გამგებლები თანამდებობებს ტოვებენ. გასულ კვირას მომხდარი წყალდიდობის შედეგად აღნიშნული მხარეების მცხოვრებლები ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრ ტკაჩევის თქმით, რეგიონისთვის მძიმე პერიოდში გამგებლებმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვეს. მან აგრეთვე, მკაცრად გააკრიტიკა იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სამუშაოები, რომელიც მხარეში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციას ახორციელებს.
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, კრიმსკის მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ მთავრობა დაზარალებულ რეგიონს სათანადო დახმარებას არ უწევს.
უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთში სტიქიის შედეგად 170-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 35 ათასზე მეტი მცხოვრები დაზარალდა. ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, კრასნოდარის მხარის მოსახლეობა წყალდიდობის საშიშროების შესახებ სრულად არ იყო ინფორმირებული.