არჩევნები 2012

ევროპარლამენტის დეპუტატების facebook-ის გვერდებზე ქართველები აქტიურობენ

ევროპარლამენტის პოლონელი დეპუტატის კშიშტოფ ლიზეკის Facebook-ის კედელზე სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები აქტიურობენ. მსგავსი აქტივობა დეპუტატის მიერ  ვიდეოს დადებას მოჰყვა, რომელიც ევროპარლამენტში გუშინ გამართულ დებატზე გამოსვლას ასახავს. დებატი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციას ეხებოდა, მასზე ძირითადი აქცენტი ბიძინა ივანიშვილზე გაკეთდა.

მომხმარებლები, რომელთაც ვიდეოს ქვეშ კომენტარი დატოვეს, დეპუტატის გამოსვლით უკმაყოფილონი არიან. როგორც კომენტარებიდან ჩანს, მათი უმრავლესობა თავს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად მოიაზრებს.

ლიზეკს, რომელსაც სხვის საქმეში „ცხვირის ჩაყოფას“ საყვედურობენ, მრავლად ერგო უსირცხვილოს , საქმეში ჩაუხედავისა და არაობიექტურის ეპითეტები. ზოგიერთმა კი მთელი პოლონელი ერი იმაშიც დაადანაშაულა, რომ მათ „ბარიგობა“ სისხლში აქვთ.

საყვედურები გამოითქვა კიდევ ერთი დეპუტატის, ვილფრედ მარტენსის facebook-ის კედელზე.

გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც დეპუტატებს მადლობას უხდიან საქართველოს მხარდამჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ დებატების შემდეგ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია მაესტროზე ჩართვისას განაცხადა, რომ დებატებზე ევროპარლამენტის მხოლოდ ერთი დეპუტატი, ლიტვის წარმომადგენელი ვიტაუტას ლანდსბერგისი იყო „საკმაოდ არაადეკვატური“, ხოლო „ყველა სხვა დანარჩენი გამოსვლა იყო მეტნაკლებად დაბალანსებული“. არაადეკვატურთა რიცხვს დღეს სხვა დეპუტატებიც დაემატნენ.

რაც შეეხება ვიტაუტას ლანდსბერგისს, ის დამოუკიდებელი ლიტვის პირველი მმართველია. 1990 წელს იგი უძღვებოდა პარლამენტის სესიას, რომელზეც საბჭოთა კავშირისგან ლიტვის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ითვლება, რომ სწორედ ლანდსბერგისმა ითამაშა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საბჭოთა კავშირის დაშლაში.

 

კომენტარები