ლიტერატურა

აკვარიუმების დასასრულის მწერალი

ინტერვიუ თენგიზ ხაჭაპურიძესთან

გასული საუკუნის დასაწყისის მწერალი გერმანულად წერდა და გერმანიაში ცხოვრობდა. ზოგმა ადრე, ზოგმა კი გვიან გავიგეთ მის შესახებ. გრიგოლ რობაქიძისგან განსხვავებით, ჩვენი საუკუნის დასაწყისის მწერლის, თენგიზ ხაჭაპურიძის შესახებ პოპულარული მითები ჯერ არ შექმნილა და, ალბათ, უმეტესობას მის შესახებ არც სმენია – იმიტომ არა, რომ ცოტას წერს ან არ უბეჭდავენ. ყველაფერი პირიქითაა, ის საკმაოდ ბევრს მუშაობს და სამწერლო ხელობასთან ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც კლასიკოს რომანისტებს – ეს მისთვის ნამდვილი ფიზიკური შრომაა. თან მართლა ბევრს ბეჭდავს, მაგრამ არა საქართველოში, არამედ გერმანიაში. მისი, როგორც გერმანულენოვანი მწერლის კარიერა 7-8 წლის წინ დაიწყო. ჩვენი ახალი ეპოქა, მართალია, მერწყულისაა, მაგრამ არა იზოლაციის და თევზების აკვარიუმების, და თენგიზ ხაჭაპურიძეც, ეტყობა, სწორედ ასეთი აკვარიუმების დასასრულს გვამცნობს.

თითქმის მთელი შენი შემოქმედება გერმანიაშია გამოცემული, საკუთარ თავს გერმანული მწერლობის კონტექსტში მოიაზრებ?

პირველ რიგში, ვერ გავექცევი იმას, რომ ქართველი ვარ. ძირითადად მაინც აქ ვცხოვრობ და აქ ვწერ, გერმანიაში მხოლოდ წლის რაღაც მონაკვეთს ვატარებ. გერმანულად იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავს ქართველად არ მოვიაზრებ. ადრე, როდესაც უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობდი და უცხოური ლიტერატურის თარგმანებს ვკითხულობდი, სულ მქონდა ასეთი კითხვა, ნეტა როგორ ჩანს, როგორ იკითხება ქართული ლიტერატურა უცხო ენაზე.

მაგრამ, რამდენადაც ვიცი, შენ აქ საერთოდ არაფერში მონაწილეობ.

დიახ, ეგრეა, არ მაქვს ამის ინტერესი. ადრე ავსტრიული ნოველები ვთარგმნე ქართულად და მის გამოსაქვეყნებლად ავსტრიული ფონდის KulturKontakt Austria დაფინანსება მივიღე, რასაც მერე ავსტრიის ფედერალური მთავრობის კულტურის განყოფილების პრემია მოჰყვა. იგივე პრემია პეტრა ნაგენკიოგელის რომანის, “გაღმა აღმოსავლეთია”, თარგმანისთვისაც მომცეს და მოვიპოვე ლიტერატურული სტიპენდია ვენაში. მაშინ დაიწყეს ლაპარაკი, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე აქ, ვინ არის ეს, საიდან მოვიდა. შეიძლება ასეთი დამოკიდებულებებია ამის მიზეზი.

ეს წიგნები, შენს მაგიდაზე რომ ვხედავ, უნდა გითხრა, რომ ულამაზესი გამოცემებია.

ჩემი წიგნების ნაწილის დიზაინერი მე ვარ.

რატომ? არ ენდობი მხატვარს? გგონია, რომ წიგნის იდეიდან გადაუხვევს?

არა, უბრალოდ მძაფრად განვიცდი საკუთარ წიგნებს და უკეთესად მესმის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. მინდა, რომ ერთ ადამიანში ხდებოდეს წიგნის დაბადება.

მახსოვს, 2004 წელს ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში გამოვიდა ჟურნალ SALZ-ის ნომერი, რომელიც მთლიანად თანამედროვე ქართულ პოეზიას დაეთმო. იქ თითქმის მთელი მასალა შენი თარგმნილი იყო. რატომ დარჩა ეს ჩვენთან შეუმჩნეველი?

ნამდვილად კარგი გამოცემა გამოვიდა, მერე აქ გოეთეს ინსტიტუტში მოეწყო პრეზენტაცია, რაც ავსტრიის მხარეს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა და უხერხულობაც შეიქმნა ამის გამო.

მთარგმნელობითი სამუშაოდან როდის გადახვედი მხატვრული ნაწარმოებების წერაზე?

ერთხელ დუნაის პირას ვსეირნობდი, მდინარეში ხელი ჩავყავი და ანარეკლი დავინახე. ცხადია, არ მივაქციე ყურადღება, ბავშვობაში ამის მეტი რა მიკეთებია. გავიდა დრო და ეს ისევ გამახსენდა. მაშინ ერთი გვერდი უნდა დამეწერა ჩემს შთაბეჭდილებებზე ავსტრიაში KulturKontakt-ის სტიპენდიით ყოფნის დროს. მე კი ცხრა თუ ათი გვერდი დავწერე. ამ დროს რომის პაპისადმი მიძღვნილი “ბუხკულტურის” საიუბილეო, მე-100 ნომერი გამოვიდა და იქ დაბეჭდეს. მოკლედ, ჩემი, როგორც მწერლის კარიერა 2005 წლის აპრილში დაიწყო. “თევზები აკვარიუმში”, ასე ერქვა ამ მოთხრობას.

რატომ ეს სახელწოდება, ნუთუ შენ მაშინ თევზებიც დაინახე წყლის ანარეკლში?

1976 წელს, როცა სტუდენტი ვიყავი, ინსბრუკში ზამთრის ოლიმპიადა ტარდებოდა. ავსტრიელები ჩამოვიდნენ და მაჩუქეს მოთხილამურეების პლაკატი. მაშინ ჩვენთვის დასავლეთი გამოუცნობი სამყარო იყო. ეს მოთხრობა მე ამ ისტორიიდან დავიწყე – როდესაც კედელი დაინგრა და, როგორც იქნა, დასავლეთში ჩავედით, თითქოს იქ მაინც ისე ვიყავით, როგორც თევზები აკვარიუმში, უშუალოდ ვერ ვეხებოდით ამ კულტურას. თან ავსტრიის და საქართველოს ბედიც ხომ ძალიან წააგავს ერთმანეთს – ორივე დიდი იმპერიის ნაწილი იყო, აქ დაიბადნენ ჰიტლერი და სტალინი, მერე ამ იმპერიების სათავეში მოექცნენ და იქიდან ცდილობდნენ საკუთარი ქვეყნის დამორჩილებას.

როგორც ჩანს, მერე უფრო რომანის ჟანრმა გაგიტაცა?

2006 წელი იყო, ვმუშაობდი გიუნტერ შტინგლის თარგმანზე და წავაწყდი ერთ ჩემს ძველ ჩანაწერს, აი, იმ დუნაის დროინდელს. დრო რომ გავიდა, უცხოდ ჩანდა, მაგრამ არ წავშალე. ეს ლექსიც იყო, რაღაც პატარა აგურს უფრო ჰგავდა სამშენებლო საქმეში. ვფიქრობდი, რა შეიძლება აქედან განვითარებულიყო. გადავწყვიტე, პატარა მოთხრობის დაწერა მეცადა. ათ გვერდს გადასცდა, ოც გვერდს გადააჭარბა და მაინც ვერ მივადექი სათქმელს. 30, 40 გვერდი – მაინც ვერ ჩავეტიე და ვიფიქრე, ეს უკვე რომანისკენ მიდის-მეთქი. ასე გამოვიდა 300-გვერდიანი რომანი “მაშველი რგოლები”. ფაბულა ქართველი ცოლ-ქმრის და ერთი შვეიცარიელი ექიმი ქალის სამკუთხედის ისტორიას შეეხება.

ვინ გამოსცა ეს რომანი?

2007 წელს Daad-ის სტიპენდიით ვიყავი გერმანიაში. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი მიუნხენელი პროფესორი, დოქტორი პეტერ გრაფი და ჩემი ხელნაწერი მას ვაჩვენე. მითხრა, მატარებელში ვკითხულობდი და კინაღამ ჩემს სადგურს გავცდიო. სწორედ მან დაწერა წიგნის სარეკომენდაციო წამძღვარებაც. ეს რომანი 2009 წელს გამოვიდა ლაიფციგში, გამომცემლობა Engelsdorfer Verlag-ში.

არაერთი პრიზი გაქვს აღებული...

2008 წელს ჩემმა მოთხრობამ “ძველი ყავის საფქვავი” მე-3 ადგილი აიღო ლიტერატურულ კონკურსში და დაიბეჭდა ანთოლოგიაში “ბოლო სვლა”. 2009 წელს ბერლინური ანთოლოგიის, “გზათა ქსელის” კონკურსში, მოთხრობამ “ბოლო ფრენა” პირველი ადგილი მიიღო. ბერლინის კედლის თემაზე მაქვს კიდევ ერთი მოთხრობა “ორი ქვა”, რომელმაც ასევე გაიმარჯვა კონკურსში. კიდევ სამი სხვა პრემია მაქვს მიღებული.

რას დაასახელებდი შენი შემოქმედების ლაიტმოტივად?

ჩემი შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენს ხელოვანის ცხოვრება ექსტრემალურ პირობებში. “მაშველ რგოლებში” ის ცოლ-ქმარი ხელოვანები არიან, ქალი მუსიკალურ კომპოზიციებს წერდა. ისინი ერთგულები დარჩნენ საკუთარი პოზიციების, ვერ გადაეწყვნენ ახალი ცხოვრების ყაიდაზე, რამაც მათი ჯერ სულიერი, შემდეგ კი ფიზიკური ეროზია გამოიწვია.

სულ ბოლოს რა გამოიცა და რაზე მუშაობ ამჟამად?

2011-ში ბერლინში ინტერდისციპლინური ანთოლოგია “დასასრული” გამოვიდა. აქ გაერთიანებულია მხატვრობა, პოეზია, პროზა და დისკზე ჩაწერილი სპექტაკლი. ჩემი ერთი მოთხრობაც მოხვდა. ახლა დავამთავრე მუშაობა წიგნზე, სადაც ცხრა მოთხრობა და მცირე მოცულობის რომანი იქნება გაერთიანებული. აქაც სიკვდილის და მისი მოულოდნელობის თემაა მთავარი.

კომენტარები