არგენტინა

არგენტინის ყოფილ ლიდერებს თავისუფლების აღკვეთა ბავშვების გატაცებისთვის მიესაჯათ

არგენტინაში სამხედრო ხუნტის ორი ყოფილი ლიდერი, რომლებიც ქვეყანას 1976 წლიდან 1983 წლამდე მართავდნენ, ბუენოს–აირესის სასამართლომ პოლიტიკური პატიმრების შვილების გატაცებაში დამნაშავედ ცნო.

სამხედრო ხუნტის ერთ–ერთ ხელმძღვანელს ხორხე ვიდელას თავისუფლების აღკვეთა 50 წლით, ხოლო რეინალდო ბინიონეს 15 წლით მიუსაჯეს.

მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში გატაცებული ბავშვების ნათესავები და თავად მსხვერპლნი, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, მოსამართლეების მიერ გამოტანილ განაჩენს მიესალმნენ.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული ხუნტის მმართველობის დროს, ადამიანებს, რომლებიც სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე იმყოფებოდნენ პატიმრობაში, 400–მდე ბავშვი მოსტაცეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროცესი 2011 წლის თებერვალში დაიწყო. სასამართლოს წინაშე მთლიანობაში 11 ადამიანი წარსდგა, რომელთაგან უმრავლესობა სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელია.

 

კომენტარები