კინო

თბილისი Docstories Black Sea-ის უორქშოფს მასპინძლობს

2-6 ივლისს თბილისი Docstories Black Sea-ის (“თხრობა დოკუმენტურ ფილმში”) მასპინძლობს. ეს უორქშოფი მიზნად შავი ზღვის რეგიონში შემოქმედებითი და ინოვაციური დოკუმენტური კინოპროექტების განვითარებას ისახავს.

ევროპის კინობაზარზე მომუშავე ექსპერტები და კინორეჟისორები დაეხმარებიან უორქშოფის მონაწილეებს მათი პროექტების გაანალიზებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებაში.

უორქშოპის ორგანიზებაში ჩართული არიან პარტნიორები სამი ქვეყნიდან: IDFA(ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი), Art-Doc (რუმინეთი) და Noosfera Foundation (საქართველო).

Docstories Black Sea იმართება ეროვნული კინოცენტრის, ევროპის გაერთიანების (მედია პროგრამა) და ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს’’ ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსში მონაწილეობას იღებენ კინოდოკუმენტალისტები, პროდიუსერები, იდეის ავტორები და მედიაში მომუშავე პროფესიონალები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი, თურქეთი, რუსეთი, მოლდავეთი, უკრაინა და ბელორუსია.

Docstories Black Sea უორქშოფი შედგება სამი სესიისგან, პირველი სესია გაიმართება თბილისში 2 ივლისიდან 6 ივლისის ჩათვლით და მიეძღვნება დოკუმენტური პროექტების თხრობის სტრუქტურასა და დრამატურგიულ განვითარებას. მეორე სესია გაიმართება სიბიუში (რუმინეთი), მესამე კი ამსტერდამში და ეს სესია მიეძღვნება დაფინანსების, კო-პროდუქციის და დისტრიბუციის შესაძლებლობებს.

ვორქშოფის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალზე წარადგინონ თავიანთი პროექტები დისტრიბუტორებთან, პროდიუსერებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ IDFA Academy-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და მასტერკლასებს.

კონკურსის შედეგად შერჩეულია 15 მონაწილე, რომლებიც დაესწრებიან სამივე სესიას და აგრეთვე დამატებითი 6 მონაწილე, რომლებიც დაესწრებიან მხოლოდ ერთ სესიას საქართველოში ან რუმინეთში თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. კონკურსზე წარდგენილია პროექტები როგორც საწყის ანუ განვითარების პროცესში, აგრეთვე წარმოების და პოსტპროდუქციის ფაზაში. უორქშოპის ყველა სესია ინგლისურ ენაზე გაიმართება.

 

კომენტარები