ბიზნესი

მერდოკი News Corp.-ს ორად გაჰყოფს

მერდოკის მედია-იმპერია შესაძლოა ორ ნაწილად გაიყოს.

ასეთ შემთხვევაში News Corp. -ის გაყოფის შედეგად, ორი კომპანია გაჩნდება. ერთი საგამომცემლო ბიზნესს ჩაიბარებს, მეორე კი - გასართობს. ამ უკანასკნელის მმართველობაში აღმოჩნდება 20th Century Fox, Fox Broadcast-ის ქსელი და Fox News-ის ტელეარხი. საგამომცემლო კომპანია The Wall Street Journal-ს, Times of London-ს, New York Post-ს, The Australian-ს, The Sun-ს, HarperCollins-ის წიგნის გამომცემლობასა და News Corp.-ის საგანმანათლებლო ბიზნესს გააერთიანებს.

მერდოკის განცხადებით, ორივე კომპანიის თავმჯდომარე თავად იქნება. საგანგებო კონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ეს ძალიან დიდი და ემოციური გადაწყვეტილებაა. აქციონერები კორპორაციის ორად დაყოფას დიდი ხანია ითხოვდნენ, თუმცა მერდოკი, რომელიც აქციების 40 პროცენტის მფლობელია, აქამდე თანახმა არ იყო ასეთი ნაბიჯი გადაედგა. მერდოკის მიერ აზრის შეცვლა ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციის აუცილებლობითაა განპირობებული. ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა ბოლო პერიოდში აგორებულმა სკანდალმა ტელეფონების მოსმენებსა და ინფორმაციის მიღების მიზნით პოლიციის მოსყიდვასთან დაკავშირებით.

კომენტარები