არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის აღმშენებლობის საკითხებსა და ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებას გააკეთოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი.

პრეზიდენტის თქმით, საპარლამენტო არჩევნები მორიგი გადამწყვეტი, ისტორიული მომენტი იქნება. მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია ქართული საზოგადოება „კიდევ ერთხელ გააოცებს მთელ მსოფლიოს საკუთარი პოლიტიკური მოწიფულობით. უახლოეს წარსულში ჩვენ როგორც საზოგადოება არაერთხელ დავმდგარვართ კრიტიკული გამოწვევების წინაშე, გამოწვევებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება იყო დამოკიდებული. ყოველ ასეთ გამოწვევას, ყოველ ასეთ გარდამტეხ მომენტს საქართველოს ხალხმა დიდი მოქალაქეობის ღირსების და პატრიოტული შემართების დემონსტრირებით გაართვა თავი. გაართვა თავი ისე, რომ იმავდროულად დაამტკიცა თავისი უპირობო ერთგულება სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ფასეულობის მიმართ“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში აშენდა სისტემა, რომლის თანახმად, ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსისა, სიმდიდრისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა. ,,როგორც ვიცით, გასული თვეების განმავლობაში, გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ შესაძლებელია უტიფარი აგრესიით შეტევის განხორციელება კანონიერი და სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე. მათ მოინდომეს ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს სახელმწიფოს უნარი, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი არჩევნების უფლება. მათ უკვე თავად იწვნიეს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მცდელობები არ გავა. ყოველი ცალკეული მცდელობა აღკვეთილი იქნება უკლებლივ ყველა კანონის მიერ, საარჩვენო პროცესის მოქრთამვა, ან ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის გამოუვა", - აღნიშნა სააკაშვილმა და მოიყვანა 70–იან წლებში ერთ–ერთი აფრიკული ქვეყნის მაგალითი, რომლის კანდიდატმა წინასაარჩევნოდ დაარიგა: „რამდენიმე ათეული ათასი მარცხენა ფეხსაცმელი და უთხრა მოსახლეობას, რომ მარჯვენას მაშინ დაგირიგებ, როცა არჩევნებზე მოგვცემთ ხმასო’’.

„ვისაც დღეს საქართველო გონია ბანანის რესპუბლიკა და გონია, რომ  მარჯვენა ფეხსაცმლის პრინციპით იმოქმედებს ქართული სახელმწიფო, ეტყობა ვერაფერი ვერ გაუგია მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის უფლებას გააკეთოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი, თუმცა ნულოვანი ტოლერანტულობის პრინციპი იყო და ახლაც იქნება ყოველგვარი კანონდარღვევის მიმართ. „ჩვენი შეუწყნარებელი კურსი მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნდა, კვლავაც გაგრძელდება. ეს ყველას უნდა ესმოდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა, „და იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ძალები გადამეტებული ძალისხმევით ცდილობენ ჩვენი დემოკრატიის ყიდვას, ჩვენი პასუხი მათ მიმართ იქნება ორმაგი:  ერთის მხრივ ამ მცდელობებს დაუპირისპირდება სამართალდამცავი სისტემის პროპორციული ძალა, ხოლო მეორეს მხრივ მათ მცდელობებს დაუპირისპირდება ჩვენი გადამეტებული, დისპროპორციული ნება, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსფარენტული და დემოკრატიული“.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირადად უზრუნველყოფს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს და მთელი საარჩევნო პოლიტიკური პროცესი განხორციელდეს ამ თვალსაჩინო ასპარეზზე, რასაც საზოგადოებრივი განსჯა, საზოგადოებრივი დებატები ქვია.

„ახლა დღეს რას ცდილობენ, რომ თავი წარმოადგინონ, რომ აქ ვიღაც ავტოკრატები სხედან ამ შენობაში, აჩუმებენ ვიღაცას და პირზე ხელს აფარებენ. რა ავტოკრატია, მართლა ხომ არ ბნელა, რომ ღია კარებს ვამტვრევთ. სად არის საქართველოში თავისუფალი აზრის შეზღუდვა? როგორც მე ვარ ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის, მოვიდეს და გამოთქვას ჩემს მიმართ აზრი, ასევეა თითოეული თანამდებობის პირი. რამდენ ქვეყნაშია ჩვენს გარშემო ასეთი თავისუფალი და გახსნილი დამოკიდებულება მთავრობის წარმომადგენლებსა და დანარჩენ საზოგადოებას შორის? აქ ყველაფერი არის გახსნილი და გამჭვირვალე. გაქვთ თქვენი აზრი? - გამოთქვით. გინდათ მიტინგის ჩატარება – ჩაატერთ. გინდათ ვიღაცის გალანძღვაძვა? - მლანძღეთ რამდენიც გინდათ. აბსოლუტური იმუნიტეტი გამოვიმუშავე ყველანაირი შეურაცხყოფის მიმართ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყოველთვის ვუსმენ კრიტიკულ აზრსაზრს და ამისკენ მოგიწოდებთ თითოეულ თქვენგანს", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას და პირადად მას, მათგან განსხვავებით, ვინც ხალხის არჩევანის მოქრთამვას ცდილობს, ქართველი ხალხის ყოველგვარი ეჭვის გარეშე სჯერა.

 „ჩვენ გვჯერა და პატივს ვცემთ ხალხის თავისუფალ ნებას და არჩევანის თავისუფლებას. ჩვენ გვსურს, რომ მათი არჩევანი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და გააზრებული“, – განაცხადა მან.

ამავე შეხვედრაზე პრეზიდენტმა ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც საარჩევნო პერიოდში საკაბელო ქსელების მეშვეობით ყველა საინფორმაციო არხს ხელმისაწვდომს გახდის. „ახლა პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა არხი საკაბელო ტელევიზიებმა ჩართონ წინასაარჩევნო პერიოდში იძულების წესით. იძულების წესით გამოდის, იმიტომ, რომ ეს არის კერძო მაუწყებელი საკაბელო ქსელები. რა თქმა უნდა, კერძო კომპანიებზე ამ ვალდებულების დაკისრება თავისუფალი საბაზრო პრინციპების შეზღუდვაა“, – განაცხადა მან, „იგივე გავაკეთეთ ჩვენ რეკლამაზე. საარჩევნო პერიოდში არხების ყურება შეუძლებელია იმდენი უფასო რეკლამა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების ყველა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესია“.

„ეს საკანონმდებლო ინიციატივა თანაბრად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ მეთოდებს შორის, რომელთა მიზანია ამომრჩევლის მედიაზე ხელიმისწვდომობის უზრუნველყოფა. ესეც არის ქართული დემოკრატიის სიმტკიცისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ურყეობის მორიგი თვალსაჩინო ნიშანი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება დიდ გამოწვევებს სისტემის კიდევ უფრო ჩაკეტვის ნაცვლად, მისი კიდევ მეტი გახსნით უპასუხებს. „მე ამაყი ვარ იმითი, რომ ერთად ავაშენეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთაც შესწევთ ძალა რეაგირება მოახდინონ დიდ გამოწვევაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა, „სისტემის კიდევ მეტი გახსნით, მისი უფრო მეტად ჩაკეტვის ნაცვლად, როგორც ამას ხშირად ვხედავთ ჩვენს სამეზობლოში, შეტევას ჩვენს დემოკრატიაზე  – და ეს არის შეტევა ჩვენს დემოკრატიაზე, რაც  ხორციელდება, ეჭვგარეშეა –  ქართული სახელმწიფო უპასუხებს დემოკრატიის გაძლიერებით და არა მისი შეზღუდვით“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „კანონის ფეხქვეშ გათელვის ყველანაირ მცდელობას დაუპირისპირდება, ერთის მხრივ, მკაცრი სამართალდამცავი ძალისხმევა, ნულოვანი ტოლერანტულობაზე დაფუძნებული, ხოლო მეორეს მხრივ, სახელმწიფო სისტემის სამაგალითო მუშაობა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის  უზრუნველსაყოფად“. მან მოუწოდა, რომ არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ხოლო მეორეს მხრივ არ შეაჩერონ აღმშენებლობის გეგმები.

 მისი თქმით, საქართველოს რეალური შანსი აქვს 2014 წელს გახდეს ნატოს წევრი და ეს საკითხი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება. „ჩვენ არამარტო შევინარჩუნებთ არსებულ კურსს, კეთილდღეობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ – 2014 წელს რეალური შანსი გვაქვს გავხდეთ ნატოს წევრები და ესეც ოქტომბერში გადაწყდება რეალურად – მომავალი თვეები იქნება წინგადადგმული ნაბიჯები, დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები