ჯანდაცვა

მიხეილ სააკაშვილი: საავადმყოფო, სადაც ექთანი 75 ლარს იღებს, დასახურია

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მთავარ პრობლემად კვლავ რჩება მომსახურე პერსონალისა და ხელმისაწვდომობის საკითხი. მისი განცხადებით, მიმდინარეობს სისტემატიური მუშაობა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას სადაზღვევო კომპანიებს სამედიცინო პერსონალის შრომის სათანადოდ ანაზღაურებისაკენ მოუწოდა.

"თუ ჩვენ ავაშენეთ საავადმყოფოები და იქ ისევ მივიღეთ ექიმი, რომელიც უყურებს პაციენტს ხელში, როდის ჩაუდებს ჯიბეში ფულს, ჩვენ შევალთ ისევ კატასტროფულ ჩიხში. ამიტომ, მივმართავ სადაზღვევოებს, რომ შექმნან ისეთი სისტემა, სადაც მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხული იქნება. ღმერთმა არ ქნას, რომ სადმე სამედიცინო პერსონალი ხელფასის გარეშე იყოს დარჩენილი". – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საავადმყოფოებში ხელფასებში დიდი განსხვავება და სოციალური უსამართლობა სერიოზული პრობლემაა.

"ექთნები და სხვა უმცროსი სამედიცინო პერსონალი იღებს 75-100 ლარს და იმავე საავადმყოფოში ქირურგი შეიძლება იღებდეს 5000 ლარს. ან საშუალო ექიმი იღებს 1700 ლარს.დღეიდან დავიწყოთ მუშაობა, რომ მე არ დავინახო საავადმყოფო, სადაც ექთანი იღებს 75-100 და 150 ლარს. მაშინ ასეთი საავადმყოფო უნდა დავხუროთ. კატეგორიული გაფრთხილება სადაზღვევოებს, სამედიცინო პერსონალს და ჯანდაცვის სამინისტროს",  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტი საავადმყოფოების პროექტის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ "ქართული ოპოზიციის საყვარელი დაცინვის ერთ-ერთი თემა ასი საავადმყოფოს პროექტი იყო." მისი თქმით, "100 საავადმყოფო გადაიქცა 150 საავადმყოფოდ და ისინი უკვე აშენებულია".

 

კომენტარები