ტელევიზია

რუსეთში საქართველოს საინფორმაციო სურათი იცვლება

საქართველოს მიმართ რუსული საზოგადოების განწყობა იცვლება. არა იმდენად თბილისის საინფორმაციო პოლიტიკის, რამდენადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყნის გახსნილობის დამსახურებით. საქართველოს თემა რუსეთში კვლავაც პოპულარულია, ოფიციალური რუსული პროპაგანდის პოზიციები კი თანდათანობით სუსტდება.

რუსულენოვანი ქართული ტელეარხი ПИК-ი (პირველი საინფორმაციო კავკასიური), რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონზეა ორიენტირებული, რუსეთის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებსაც აქტიურად აშუქებს. ბოლო დროს თვალშისაცემი გახდა, რომ ПИК-ი რუსული ოპოზიციისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო გახდა მათივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. არხის სიუჟეტები და გადაცემები რუსულ სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება.

რუსეთის ტერიტორიაზე არხის გადაცემების ნახვა თანამგზავრის ან ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. რუსეთიდან ПИК-ის ვებგვერდის მნახველთა რიცხვი მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილამდე, 263 ათასიდან 344 ათასამდე გაიზარდა. მაისში კი, პროგნოზების თანახმად, ნახევარ მილიონს გადააჭარბებს. კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი ПИК-ის სიუჟეტებს YouTube-ზე ნახულობს. ამ მაჩვენებელმა პიკს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდგომ პერიოდში – მარტის თვეში მიაღწია და 2 მილიონ 200 ათასს გადააჭარბა.

ПИК-ის რეიტინგებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის აგვისტოში არხმა რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან ინტერვიუ ჩაწერა. თავად ინტერვიუ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებსაინტერესო აღმოჩნდა – მედვედევმა თბილისის მიმართ კრემლის ტრადიციული ბრალდებები გაიმეორა. თუმცა ფაქტმა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა არხს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ „ძირგამომთხრელ” მუშაობაში ადანაშაულებდნენ, ტელევიზიის რუსეთში „ლეგალიზებას” და მის ცნობადობას შეუწყო ხელი.

მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს ПИК-ის ეთერში პოპულარული ტელეწამყვანის, ქსენია სობჩაკის თოქშოუ „მთავარი თემა” გავიდა, არხის მიმართ ინტერესი რუსეთში კიდევ უფრო გაიზარდა.

„არხმა უკვე შეიძინა გარკვეული რეპუტაცია. ჩვენი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციის ყველა ლიდერმა, ბევრმა პოლიტიკოსმა თუ სახელმწიფო სათათბიროს წევრმა უკვე იცის ПИК-ის შესახებ”, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას ПИК-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე კოტრიკაძემ.

მისი თქმით, არხის საინფორმაციო პოლიტიკა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას ითვალისწინებს და ამით მაყურებელს საკუთარი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობა უჩნდება.

რაც შეეხება რუსეთში საქართველოს თემით დაინტერესებას, კოტრიკაძის თქმით, Эхо Москвы-ს ან იგივე ПИК-ის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შესახებ სიუჟეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. „რუსები ძალიან ინტერესდებიან საქართველოთი. მგონი, ეს ის თემაა, რომელიც რუსეთში ნეიტრალურს არავის ტოვებს”.

როგორც ტაბულასთან საუბრისას რუსული გამოცემა Коммерсант-ის ჟურნალისტმა ოლგა ალენოვამ აღნიშნა, საქართველოს მიმართ რუსული საზოგადოების დამოკიდებულებაში ბოლო წლებში გარდატეხა მოხდა და ჩვენი ქვეყნის მიმართ ნეგატიური განწყობა თანდათანობით ქრება.

ეს ტენდენცია, მისი თქმით, თბილისის მიერ ჩრდილოკავკასიელებისთვის და შემდეგ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაუქმებით დაიწყო. „ეს ისეთი ნაბიჯებია, რომლებიც საქართველოსადმი ინტერესს აღძრავს. ქვეყანა ღიაა, ადამიანს შეუძლია უბრალოდ ბილეთი იყიდოს და ჩამოვიდეს. ეს იდეალური ვარიანტია, თუ შენი ქვეყნის წარმოჩენა გსურს”, – მიიჩნევს ალენოვა.

მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობა დაიწყეს, ჩვენთან უამრავი ჩრდილოკავკასიელი ჩამოვიდა. ალენოვას თქმით, როგორც წესი, ისინი საქართველოთი აღფრთოვანებულები რჩებოდნენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს ნაცნობებსა თუ ნათესავებს უზიარებდნენ.

ჟურნალისტის თქმით, საქართველო რუსეთის მოქალაქეებისთვის „საინტერესოა იმ მხრივ, რომ ერთადერთი ქვეყანაა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ასეთი მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს. ჩემთვის საინტერესოა მკითხველს ვაჩვენო, როგორ შეიძლება ასეთი რამ პოსტსაბჭოთა მენტალობის ხალხმა გააკეთოს”.

ალენოვა იხსენებს, რომ მისმა პირველმა სტატიამ საქართველოში პოლიციის რეფორმაზე, მკითხველებს შორის „ფურორი” მოახდინა – ბევრს არ სჯეროდა, რომ ეს სიმართლეა. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ თემაზე სხვა პუბლიკაციებიც გაჩნდა, უნდობლობა გაქრა.

ქართული რეფორმების შესახებ ინფორმაციას რუსულ საზოგადოებას აცნობდნენ ისეთი ცნობილი ჟურნალისტებიც, როგორებიც არიან იულია ლატინინა და მატვეი განაპოლსკი. ასევე, კატონის ინსტიტუტის ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი. მათი წყალობით, რუსული აუდიტორიისთვის ბევრი რამ გახდა ცნობილი 2008 წლის აგრესიის შესახებ.

გარკვეული დამსახურება რუსული საზოგადოების ინფორმირებაში ქართველ ბლოგერებსაც მიუძღვით. გიორგი ჯახაია საკუთარი რუსულენოვანი ბლოგის cyxymu.livejournal.com საშუალებით ყოველდღიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, გამოხატავს პოზიციას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და რუსეთში სიტუაციასთან დაკავშირებით.

2009 წლის აგვისტოში მისი ბლოგი იმდენად მასიური კიბერშეტევის ობიექტი გახდა, რომ livejournal-ი და Twitter-ი გარკვეული დროით მსოფლიო მასშტაბით გაითიშა. ბლოგერმა ამაში რუსული სპეცსამსახურები დაადანაშაულა. როგორც ტაბულას გიორგი ჯახაიამ უთხრა, მის ბლოგზე დღე-ღამეში 3-4 ათასი მომხმარებელი შედის. მისი თქმით, რუსეთისთვის არა, მაგრამ საქართველოსთვის ეს დიდი მაჩვენებელია. ბლოგის მნახველთა 70 პროცენტი რუსეთიდანაა.

საერთოდ, რუსულენოვანი ქართველი ბლოგერების რიცხვი 300-დან 400-მდეა და თითოეული მათგანის აუდიტორია, უმეტეს შემთხვევაში, რამდენიმე ასეული მომხმარებლით შემოიფარგლება. „არ მგონია, 140-მილიონიანი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა გვქონდეს. მაგრამ, საერთო ჯამში, ქართველ ბლოგერებს რაღაც გავლენა მაინც გვაქვს – ჩვენს აზრს პატივს სცემენ, აინტერესებთ, რას ვფიქრობთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე”, – ამბობს ჯახაია.

მისივე თქმით, რუს ბლოგერთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს სიახლეები და ქვეყნის განვითარება. ჯახაიას აზრით, ქვეყნებს შორის კავშირების გაწყვეტის პირობებში ბლოგერების ურთიერთობა დიალოგისა და დისკუსიის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

თავის მხრივ, ოლგა ალენოვა საუბრობს იმ რუსი ბლოგერების დამსახურებაზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებით ისარგებლეს და საქართველოს ესტუმრნენ. მათი პუბლიკაციები ყოველთვის ძალზე პოპულარულია. „შეიძლება ითქვას, დღეს ბლოგერები უფრო მეტს აკეთებენ საქართველოს მიმართ ინტერესის გაღვივებისთვის, ვიდრე მედია. მასმედიას თავისი კანონები აქვს – უნდა აჩვენოს ყველა მხარე, ინფორმაცია დაბალანსებულად გაავრცელოს. ბლოგერები კი მკითხველებს მხოლოდ თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და ჰყავთ აუდიტორია, რომელიც მათ იცნობს და ენდობა”, – ამბობს ალენოვა.

რუსი ჟურნალისტის აზრით, გარდატეხა საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში იმითაც არის განპირობებული, რომ რუსეთში საპროტესტო განწყობები იზრდება. შესაბამისად, „ხალხი უკვე ნაკლებად ენდობა ოფიციალურ პროპაგანდას. ადამიანები, რომლებიც ინტერნეტით სარგებლობენ, უკვე სხვაგვარად ფიქრობენ. მათ შორის, საქართველოს შესახებ”.

დღეისთვის რუსეთში ინტერნეტით მოსახლეობის 58 პროცენტი სარგებლობს. შესაბამისად, მოქალაქეთა 40 პროცენტზე მეტს არ აქვს წვდომა ალტერნატიულ ინფორმაციაზე როგორც რუსეთის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

ალენოვას აზრით, რუსეთის ის აუდიტორია, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ტელევიზიით იღებს, განსაკუთრებით პროვინციებში, საქართველოს მიმართ კვლავ უარყოფითად არის განწყობილი. ამ მხრივ, მისი თქმით, გამონაკლისი ჩრდილოეთ კავკასიაა, რომლის მოსახლეობასაც საქართველოს შესახებ რუსული პროპაგანდის „ზღაპრების” აღარ სჯერა.

რუსეთის მასშტაბით ჩრდილოკავკასიელი ბლოგერების აქტიურობა და ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი შედარებით დაბალია, მაგრამ პირადი კავშირების დამსახურებით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია რეგიონში საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

 

კომენტარები