ტელევიზია

„იმედი“ საინფორმაციო ფორმატზე გადადის

ტელეკომპანია „იმედი“ გასართობ გადაცემებს ხურავს და ეტაპობრივად საინფორმაციო ფორმატზე გადასვლას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინდელი დღიდან ვრცელდებოდა სოციალური ქსელის მეშვეობით, „იმედის“ ქრონიკამ კი ორ საათზე ის ოფიციალურად დაადასტურა. ქრონიკა ტელეკომპანიის ოფიციალური განცხადებით დაიწყო, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მსოფლიოს აჩვენა დემოკრატიის სანიმუშო მაგალითი. როდესაც პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მომსწრენი ვართ ხელისუფლების დემოკრატიული, არჩევნების წესით, მშვიდობიანი და თავისუფალი ტრანზიციისა. როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა პირველად უთმობს ხელისუფლებას ოპოზიციას- ხალხის მიერ საარჩევნო ყუთთან გაკეთებული არჩევანის შედეგად.

ჩვენ იმედის ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს, გვაქვს საფუძველი ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მონაპოვრით.

აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო წლების საერთო მცდელობა, აგვეშენებინა დემოკრატიული საქართველო, წარმატებით მიმდინარეობს. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია უკვე მიღწეული დემოკრატიის ხარისხის დაცვა და უფრო მეტად განვითარება. ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების უზენაესობის ერთგულება და ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და კონსტრუქციული ოპონირების გარემოს შენარჩუნება.  

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანია იმედის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა - რომ ისევე, როგორც აქამდე, ამჯერადაც დადგეს დემოკრატიის სადარაჯოზე და უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მიუკერძოებელი, ობიექტური და დაბალანსებული ინფორმირება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ამიტომ ჩვენი ტელეკომპანია იცვლის ფორმატს და იწყებს ეტაპობრივ გადასვლას ძირითადად სამაუწყებლო (საინფორმაციო) ფორმატზე, რომელიც საზოგადოებას მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის ახალ ამბებს, ეთერს დაუთმობს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მაყურებელს შესთავაზებს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის თოქშოუების მრავალფეროვნებას.

იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ღირსეულად გააგრელებს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ დემოკრატიულ მემკვიდრეობას, ხელს არ შეუშლის თავისუფალი მედიის მუშაობას და არანაირი ფორმით არ შეეცდება თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას“.

გავრცელებული ინფორმაციით, ეთერში აღარ გავა გასართობი გადაცემები, მათ შორის "ღამის შოუს" მიერ მომზადებული გადაცემები - ,,შუა ქალაქში", ,,გოგონა გარეუბნიდან", ,,ღამის შოუ", ,,კაცების შოუ", ,,რომ გადახვალ გააჩერე", ასევე "ნანუკას შოუ" და „დღის შოუ“.

კომენტარები